გამოვლინდა ტრანსნაციონალური დანაშაული - ბრალდებულებმა უკანონოდ მიღებული 2 მილიონამდე ლარის ლეგალიზაცია მოახდინეს - პროკურატურა 

28 აპრილი 2022, 14:39 1287 ნახვა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ტრანსნაციონალური დანაშაული გამოვლინდა. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხოური კომპანიების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა საქართველოში საწარმო დააფუძნეს და საბანკო ანგარიშები გაუხსნეს.

ბრალდებულებმა უკანონოდ მიღებული, დაახლოებით 2 მილიონ ლარამდე შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.

''დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ერთ-ერთი ბრალდებული, გამოგონილი სახელით გაეცნო საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს, რა დროსაც დაარწმუნა ისინი, თითქოსდა მისი კომპანია საქართველოსა და საფრანგეთში დიდ სავენახე მეურნეობას ფლობდა და ფინანსური მოგების მიღების მიზნით, საწარმოში ინვესტიციების განხორციელება შესთავაზა.

მეტი დამაჯერებლობისთვის, ბრალდებულებმა დაზარალებულებს საწარმოს შემოსავლებისა და მოგების შესახებ ყალბი ინფორმაცია წარუდგინეს.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, 2020 წლის მაისი-ივლისის პერიოდში, დაზარალებულებს გამოგონილი ე.წ. წარმატებული ბიზნესსაქმიანობის ფარგლებში, თითქოსდა საინვესტიციოდ განკუთვნილი 600 000 ევრო მოტყუებით საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხინეს.

დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის მიზნით, მიღებული შემოსავლები, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაანაწევრეს და მრავალჯერადი ტრანზაქციებით, ფიქტიური დანიშნულებებით, მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე საზღვარგარეთ გადარიცხეს'' - აცხადებენ პროკურატურაში. 

პროკურატურა ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

უწყების ცნობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაყადაღებულია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების და მათი საწარმოების საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხები, ბრალდებულების საკუთრებაში არსებული ოთხი ძვირადღირებული უძრავი ქონება და ორი ავტომანქანა. პროკურატურის მიერ ჩატარდება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები როგორც ფულადი თანხების, ისე უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევის მიზნით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში