ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ დინამო ბათუმისა და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლის კლუბის ღირსებას დაიცავს.
დე ლაურენტისმა რადიო კეი-კეი-ენ-თან და სკაი სპორტთან განაცხადა, რომ 21 წლის ფეხბურთელი ზაფხულში ნაპოლის პირველი შენაძენი იქნება და მასთან 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ რუბინიდან წამოსვლა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ფიფას ახალი წესის ამოქმედების შემდეგ გადაწყვიტა.
ქართველმა ფეხბურთელმა რუსულ კლუბთან ხელშეკრულება, რომელიც 2024 წლის ზაფხულამდე იყო გათვალისწინებული, გაწყვიტა და დინამო ბათუმს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ჩემპიონების შემადგენლობაში 4 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრებში მის ანგარიშზე 13 მატჩში 5 გოლი და 3 საგოლე პასია.