ციგურაობის საერთაშორისო კავშირმა რუსეთი უკრაინაში ომისთვის კიდევ ერთხელ დასაჯა - სანქცია ამჯერად, მომავალ სეზონს შეეხო, 2022/23 წლების გრან პრიზე აღარ იქნება რუსული ეტაპი.
ამასთან, მომავალ სეზონში რუსეთი და ბელარუსი ციგურაობის საერთაშორისო კავშირის ეგიდით ტურნირს ვერ გამართავენ. შეგახსენებთ, რომ უკვე დასრულებულ სეზონში რუსული ეტაპი სოჭში შედგა, სადაც ქალებში რუსმა კამილა ვალიევამ გაიმარჯვა, ხოლო ვაჟებში ქართველმა მორის ყვითელაშვილმა.
"როსტელეკომის თასი" 25-27 ნოემბერს უნდა გამართულიყო. ვარაუდობენ, რომ რუსების ადგილს ფინელები დაიკავებენ, რომლებმაც გრან პრის ეტაპის მასპინძლობა გადაწყვიტეს.
ციგურაობის საერთაშორისო კავშირის ონლაინ სხდომაზე 20-მდე ფედერაციამ მოითხოვა, ყველა რუსი ოფიციალური პირი ჩამოეცილებინათ დაკავებული თანამდებობებიდან, მაგრამ კავშირმა ეს არ გაიზიარა. თუმცა დიდი ალბათობით, რუსეთს და ბელორუსს საერთაშორისო კავშირიდან ტაილანდის კონგრესზე გარიცხავენ.