დავით ხიდაშელის ამბობს, რომ ეს შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან არ შემდგარა - თეა წულუკიანი 

26 აპრილი 2022, 16:01 1353 ნახვა

ვიცე-პრემიერის განცხადებით, ჩანაწერებთან დაკავშირებული განცხადებები ცრუ აჟიოტაჟია.  თეა წულუკიანის თქმით, დავით ხიდაშელმა თავად განმარტა, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა არ შემდგარა. 

''ეს ყველაფერი, რა აჟიოტაჟიც არის ამტყდარი, ამ ვითომ რეალურ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომც დავუშვათ, რომ ეს ჩანაწერი რეალობას ასახავს, რომელიც თქვენ ატეხეთ და თქვენი მომხრეები ტეხენ,  გულისხმობს და მიზნად ისახავს იმას, რომ ხავსს ეჭიდებით და ცდილობთ წარმოაჩინოთ, თითქოს საქართველოს მთავრობა არის ნეგატიური პროცესების ხელშემწყობი უკრაინის მიმართ.  იმ უბედურების კონტექსტში, რაც უკრაინაში ტრიალებს, ცდილობთ წარმოაჩინოთ, რომ თქვენი ქვეყნის მთავრობა არის თქვენთვისვე საძრახისი საქციელით დაკავებული. ეს ხდება მეტი არაფერი. 

სინამდვილეში ბატონი დავით ხიდაშელის განცხადებიდან ირკვევა, რომ ის არის მონაწილე ამ ურთიერთობების ბატონ ევტუშენკოვთან და შუამავლობდა იმისთვის, რომ მოცემული ბიზნესმენი მისივე გავლით საქართველოში დაკავშირებოდა სხვადასხვა წევრებს. ასევე ბატონი დავითი და მადლობა მას ამ განცხადებისთვის, რამაც სინათლე შეიტანა ფაქტებში ამბობს, რომ ეს შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან არ შემდგარა და მოცემული ბიზნესმენი გადამისამართდა ბიზნეს წრეებთან, როგორც ეს ყველა ნებისმიერი ბიზნესმენის შემთხვევაში ხდება ხოლმე. ამის ფონზე ვხედავთ ცრუ აჟიოტაჟს, მეორეს მხრივ კი ტრადიციულად ქცეული ბატონი არსესტოვიჩის შეურაცხყმყოფელ განცხადებებს, რომელიც უკვე ბოლომდე გშიფრავთ თქვენ და თქვენს მხარდამჭერებს“, - განაცხადა მინისტრმა.

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:

''ვლადიმერ ევტუშენკოვი 30 წელია არის ჩემი მეგობარი, მისი ოჯახის წევრები მუშაობდნენ ჩემს კომპანიებში შვეიცარიაში. მე საქართველოში წლების განმავლობაში არ ვიმყოფებოდი და არ ვსაქმიანობდი. 

რამდენიმე წლის წინ მთხოვეს ჩავრთულიყავი ერთ-ერთ ბიზნეს საკითხში, რომელიც ეხებოდა „რუსთავის აზოტის“ ქარხნის კრედიტს, თუმცა აღნიშნულ საკითხში არ ჩავრეულვარ. „რუსთავის აზოტის“ ქარხანას ჰქონდა ევტუშენკოვის კუთვნილი კორპორაცია „სისტემისგან“ 100 მლნ დოლარამდე კრედიტი აღებული, რომლის გასტუმრებაც ვერ ხერხდებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ევტუშენკოვი 3-ჯერ იყო ჩამოსული საქართველოში. როგორც ვიცი, სასამართლო დავა კვლავ გრძელდება და არ მსურს დეტალებზე საუბარი, ვინაიდან ეს საკითხი მე არ მეხება. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ალი უზდენოვთან დაკავშირებით და საქართველოში ჩვენს შეხვედრებთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ალი უზდენოვი არის ბიზნესმენი და არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან. მოგეხსენებათ, საქართველოში ღვინის კონსორციუმის შექმნა დავიწყე და გეგმაში მაქვს ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა. გარდა ამისა, ვამუშავებ შესაძლებლობას, რომ რუსეთში ღვინის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით მოხდეს ხორბლის შემოტანა რუსეთიდან, ვინაიდან საქართველოში არის ხორბლის საჭიროება. ალი უზდენოვთან ერთად სწორედ ამასთან დაკავშირებით გავმართე შეხვედრები საქართველოში ბიზნეს სექტორთან, მეხორბლეებთან. ბიძინა ივანიშვილთან არანაირი შეხვედრა არ გამართულა. რაც შეეხება პრემიერთან შეხვედრას, ასეთი შეხვედრა არ შემდგარა'' - აცხადებს ხიდაშელი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი