მგონია, რომ გავრცელებული ჩანაწერი ბაკურიანის შეხვედრის ლოგიკური გაგრძელებაა, იმასაც არ გამოვრიცხავდი, ეს ფარული ჩანაწერი აკერმანს ჩამოეტანა - კობახიძე

26 აპრილი 2022, 13:31 1198 ნახვა

მგონია, რომ გავრცელებული ჩანაწერი ბაკურიანის შეხვედრის ლოგიკური გაგრძელებაა, იმასაც არ გამოვრიცხავდი, რომ ეს ფარული ჩანაწერი აკერმანმა ჩამოიტანა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე გამოეხმაურა „კიბერ კმარას“ მიერ გავრცელებულ ​აუდიოჩანაწერს, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ ბიზნესმენი ვლადიმერ ევტუშენკოვი ბიძინა ივანიშვილს ურეკავს.

„ავთენტურია თუ არა ჩანაწერი არავინ იცის, რომც იყოს ავთენტური, ბუნებრივია აქ არაფერზეა საუბარი. რომც დავუშვათ, რომ ეს ჩანაწერი არის ავთენტური, აქ საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერობებზე. საქართველოს აქვს ოფიციალურად დადასტურებული პოზიცია ამ თემაზე, კერძოდ, საქართველო ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან. ხდება ექსპორტირება, იმპორტირება, ეს არის გაცხადებული პოზიცია. ამაში არც კანონსაწინააღმდეგოა არაფერი  და არც რაიმე სხვა პრინციპებთან მოვდივართ წინააღმდეგობაში. გარდა ამისა, პროდუქტის იმპორტირება ხდება მხოლოდ ადგილობრივი მოხმარებისთვის და არავითარი გადაყიდვის მიზნებისთვის. რაც შეეხება იმპორტ-ექსპორტს, ეს არის ჩვენი გაცხადებული პოზიცია. უკრაინაც რომ ავიღოთ, ისიც ინარჩუნებს გარკვეულ სერიოზულ ფარგლებში სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან. კერძოდ, რუსეთიდან ხდება გაზის მიღება უკრაინაში, მათ შორის საკუთარი მოხმარებისთვის და შემდეგ ხდება ამ გაზის ტრანზიტით გადაცემა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. სავაჭრო ურთიერთობებში უკრაინაც არის ჩართული რუსეთის ფედერაციასთან. ის, რომ საქართველო ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს, ამაში არ არის არაფერი არც კანონსაწინაღმდეგო და არც ამორალური, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც უკრაინაც ინარჩუნებს ასეთი ტიპის ურთიერთობებს რუსეთთან“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დავით არახამიაა ის ადამიანი, რომელიც პირველი გამოეხმაურა ფეიკინფორმაციას.

„მახსოვს, როდესაც გავრცელდა ფეიკი რძის პროდუქტებთან დაკავშირებით, თითქოს საქართველო აფართოებდა საკუთარ ექსპორტს რუსეთის ფედერაციაში. იმავე დღეს, მაშინაც დავით არახამია გამოეხმაურა ამ ფეიკს, ახლაც გავრცელდა კიდევ ერთი გაუგებარი ჩანაწერი, აქაც იმავე დღეს, რამდენიმე საათში გამოეხმაურა დავით არახამია, ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი. დავით არახამია საქართველოში არის რადიკალურ ოპოზიციაში, უკრაინაში ხელისუფლებაში, საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე, ასეთ დროს ბუნებრივია არის სრული კოორდინაცია. შესაბამისად, საზოგადოებამ ყველაფერი იცის არახამიასთან დაკავშირებით.

მგონი, ომი რომ დასრულდება, არახამიაზე უფრო მეტს გაიგებს საზოგადოება ცუდ რაღაცებს. მგონია, რომ ეს ყველაფერი არის ლოგიკური გაგრძელება იმ შეხვედრისა, რომელიც შედგა ბაკურიანში. შედგა მოღალატეობრივი შეკრება, სადაც მათივე აღიარებით, განხილული იქნა ხელისუფლების გადატრიალების გეგმები. ეს ჩანაწერიც მათთვის იყო ერთგვარი ხავსი და ამ შეკრების გაგრძელება უნდათ ამ ჩანაწერით და მერე არახამიას განცხადებით. იმასაც არ გამოვრიცხავდი, აკერმანის ჩამოტანილი იყოს ეს ფარული ჩანაწერები და პირდაპირ უკავშირდებოდეს ეს ყველაფერი ბაკურიანის შეკრებას. ეს არის ჩემი პოლიტიკური ვარაუდი. არახამია არის „ნაცმოძრაობის“ გარე სპიკერი, რომელიც რამდენიმე საათში აკეთებს ხოლმე განცხადებებს, ერთხელ რომ გააკეთებ ასეთ ფეიკზე განცხადებას და ფეხი წაგიცდება, მეორეჯერ უფრო ფრთხილად ხარ ხოლმე. ამ ფეიკების შემქმნელიც და შემდეგ გამავრცელებელიც არის იგივე პოლიტიკური ძალა, რომელსაც არახამია წარმოადგენს დღეს კიევში“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის საუბრის აუდიოჩანაწერი „არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის“ დამფუძნებლის, პიტერ აკერმანის ჩამოტანილი იყოს და ბაკურიანში ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ გამართულ შეხვედრას უკავშირდებოდეს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი