ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ტელეკომპანია "ფორმულას'' და ''მთავარი არხის'' გადამღები ჯგუფები არ შეუშვეს

15 აპრილი 2022, 15:15 1518 ნახვა

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ტელეკომპანია ,,ფორმულას'' და ''მთავარი არხის'' გადამღები ჯგუფები არ შეუშვეს. ჟურნალისტები ამბობენ, დაცვის თანამშრომლებმა განუმარტეს, რომ ამოქმედდა საშვთა სისტემა.

"ჩვენ ვუთხარით, რომ ამის შესახებ წინასწარ არ ვიყავით გაფრთხილებული, მაგრამ ეს ფაქტორი არ გაითვალისწინეს. შემდეგ საკრებულოს ოპიზიციის წევრებმა გადაწყვიტეს ჩვენთვის საშვის გამოწერა, მაგრამ, დაცვის თანამშრომლებმა საკრებულოს სხდომაზე შესვლის უფლება არ მოგვცეს. კანონმდებლობით საკრებულოს სხდომა საჯაროა, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დასწრება''- აცხადებს ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე.

ჟურნალისტთა ნაწილი, რომელიც სხდომას შეუფერხებლად დაესწრო ამბობს რომ მათ საშვთა სისტემით ისარგებლეს. მათ შორის იყო საინფორმაციო სააგენტო ,,ქუთაისი პოსტის'' ჟურნალისტი მარიამ პატარაია.  ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ მედიისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის კარი დაიკეტა.

"ქუთაისის მერიამ ერთი წლის წინ აკრძალა ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა საშვის გარეშე. მედიისთვის კარი მხოლოდ საკრებულოს სხდომებზე იღებოდა. მერიის პრესსამსახური თითქმის არასდროს პასუხობს სატელეფონო ზარებს. იმ შემთხვევაში, თუ რესპონდენტს შეათანხმებ,  შეუთანხმებლად შენობაში არავინ გიშვებს. მერიას შეეძლო ეს პრობლემა პრესკარტების საშუალებით მოეგვარებინა, თუმცა, ამას პრინციპულად არ აკეთებს, "- აცხადებს მარიამ პატარაია.

მედიის ნაწილს სოლიდარობა გამოუცხადეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა. საკრებულოს სხდომა მათ პროტესტის ნიშნად დატოვეს. ოპოზიციაში განმარტავენ, რომ საკრებულოს ხელმძღვანელობის ეს გადაწყვეტილება უკავშირდება აუდიტის დასკვნას, რომელზეც საუბარს ოპოზიცია დღევანდელ სხდომაზე გეგმავდა.

"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის მერის დავალებით არ უშვებენ ჟურნალისტებს საკრებულოს სხდომაზე. მან კარგად იცოდა, რომ ჩვენ ვაპირებდით აუდიტის დასკვნის სკანდალური დოკუმენტის საკითხზე საუბარს. უბრალოდ შეეშინდათ საზოგადოების და ჟურნალუსტებთან ერთად ამ თემის განხილვის. პირველად არის როდესაც ჟურნალისტებს არ უშვებენ საკრებულოს სხდომაზე. ამიტომ ჩვენც დავტოვეთ საკრებულოს სხდომა,"- განაცხადა გიგა შუშანიამ.

აღსანიშნავია, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ თქვა, რომ ყველა ჟურნალისტს, იმის მიუხედავად, გაიარა თუ არა შესაბამისი პროცედურები, უფლება ჰქონდა სხდომას დასწრებოდა, მაგრამ მედიის ნაწილი მაინც არ დაუშვეს.

დავუკავშირდით ქუთაისის საკრებულოს პრესამსახურს, თუმცა ორ საათზე მეტია მათგან საპასუხო განცხადება არ მიგვიღია. ქუთაისის საკრებულოს ოფიციალურ განცხადებას მიღებისთანავე გაგაცნობთ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი