„რუსეთის აგრესიამ ვერ შეაჩერა საქართველოს ევროპისაკენ სვლა და ახლადშექმნილი ,,შესაძლებლობის ფანჯარა“ ევროკავშირის სწორი პასუხია ამ აგრესიაზე“ - ეს სიტყვები გაჟღერდა პრეზიდენტისა და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრისას. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, რეგიონში არსებულ ვითარებას, შავი ზღვის უსაფრთხოებას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიენების პროცესს, ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და პატარა ქვეყნების ერთობის როლს გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად. დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა სრული მხარდაჭერა საქართველოსადმი. პრეზიდენტმა კი განაცხადა,რომ რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობისათვის მნიშვნელოვანია შავი ზღვა არა კონფრონტაციის, არამედ სტაბილურობისა და კავშირის ზღვა იყოს და მასზე განხორციელდეს მსხვილი პროექტები, მათ შორის ინფრასტრუქტურული.