"რიყის დოქები" მეშვიდე მცდელობით გაიყიდა. ის 10 მილიონ 20 000 ლარად შეიძინეს. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტი კომპანია Global Victory Trust-მა იყიდა.
ინვესტორი ვალდებული იქნება, 3 წლის ვადაში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს. საინვესტიციო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე, საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოეწყობა.
ე.წ. რიყის დოქების გაყიდვის მიზნით აუქციონი 6-ჯერ გამოცხადდა და ყველა მათგანი უშედეგოდ დასრულდა. თავდაპირველად, აღნიშნული უძრავი ქონება 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე 95 მლნ ლარად იყო გამოტანილი, თუმცა ლოტზე ვაჭრობა არ შედგა.
მეშვიდე აუქციონი 10 მარტს გამოცხადდა.