რუსეთი და უკრაინა ზეთის ექსპორტზე კვოტების დაწესებას გეგმავენ

24 მარტი 2022, 17:19 3674 ნახვა

რუსეთის მთავრობა ცხიმპროდუქტების ბაზრის დასარეგულირებლად ახალ ზომებს ამზადებს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე 1,5 მილიონი ტონა კვოტის შემოღებას აპირებს.

კვოტა მწარმოებლებს შორის გარკვეული პრინციპით გადანაწილდება, ხოლო ზედმეტი მიწოდება 70%-იან გადასახადს დაექვემდებარება, ტონაზე არანაკლებ 1000 დოლარის ფასის შემთხვევაში. ამჟამად მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე მცურავი გადასახადი მოქმედებს, რაც პირველი აპრილამდე ტონაზე 260,1 დოლარია.

ამასთან, სოფლის მეურნეობის სამინისტრო აპირებს, პირველი აპრილიდან მზესუმზირის საექსპორტო გადასახადიც 70%-მდე გაზარდოს.

ეს იმ ფონზე, როცა ზეთი და ცხიმპროდუქტები რუსეთის სასურსათო ექსპორტში, მარცვლეულის შემდეგ, მეორე ადგილზეა. 

მცენარეული ზეთის ექსპორტზე კვოტები შესაძლოა, უკრაინამაც დააწესოს.

ქვეყანაში აღნიშნული საკითხი უკვე აქტიურად განიხილება. მართალია, უკრაინულ ზეთს ქართულ ბაზარზე არც ისე დიდი წილი უკავია, თუმცა ექსპორტის გამკაცრება ცხადია, ფასზე ნეგატიურად აისახება.

2021 წელს საქართველომ 32,570 ტონა მზესუმზირის ზეთი იყიდა, რაც თითქმის 14,1 ათასი ტონით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

თუმცა მსოფლიო ბაზარზე გაძვირებული პროდუქციის გამო, ქვეყანას ზეთის იმპორტი მნიშვნელოვნად გაუძვირდა. თუ 2020 წელს ერთი ტონა ზეთის შემოტანა საშუალოდ 986 დოლარი ჯდებოდა, 2021 წელს ეს თანხა 1 485 დოლარამდე გაიზარდა.

„საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთის მიერ ზეთზე კვოტების დაწესებამ შესაძლოა ლოჯისტიკა გაართულოს, რადგან ალტერნატიული ბაზრების მოძიება გახდება საჭირო.

"უკრაინიდან კვოტირების გარეშეც ზეთს ვერ ვიღებთ, ამიტომ ეს დიდი გავლენას არ მოახდენს, რაც შეეხება რუსეთის ბაზარს, თუ რუსეთი დააწესებს კვოტებს ეს გავლენას მოახდენს. თუნდაც მოსახლეობა, რომ გაიგებს კვოტირებულია ზეთის ექსპორტი, შესაძლოა შეიძინონ გარკვეული მარაგები და ამას უკუეფექტი ექნება.

 

კვოტირება გამოიწვევს, იმას, რომ გვეცოდინება რა რაოდენობის ზეთი შეიძლება წამოვიღოთ რუსეთიდან და დანარჩენს მოვიძიებთ  ალტერნატიული ქვეყნებიდან. რაც ლოჯისტიკაში გართულებული და შედარებით გაძვირებული იქნება. ალტერნატიული ბაზრიდან შემოტანილი პროდუქტის გაძვირებას გამოიწვევს კვოტირება, როგორც ყოველთვის ხდება.

 

ფასზე აისახება ისიც თუ რაიმე გადასახადს დააწესებენ ფიქსირებულს. ალტერნატიული ბაზრის მოძიება შეიძლება დროში გაიწელოს და დროის ფაქტორში გარკვეული დისკომფორტი შექმნას"-განაცხადა ივა ჭყონიამ.

​FAO-ს მცენარეული ზეთის ფასის ინდექსმა, მიმდინარე წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით, 4.2%-ით მოიმატა და ისტორიულად რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ფასმა პალმის, სოიოს, რაფსის და მზესუმზირის ზეთზე.

პალმის ზეთის შემთხვევაში, ფასები ინდონეზიიდან ექსპორტის შემცირების მოლოდინის გამოა გაზრდილი, რაფსის და მზესუმზირის ზეთებზე ფასების ზრდა კი მომატებული მოთხოვნის და შემცირებული მარაგითაა განპირობებული. ყველა სახეობის ზეთის ფასზე მოქმედეს ნავთობის გაძვირებაც.

Top-5 ქვეყანა, სადაც საქართველომ 2021 წელს მზესუმზირის ზეთი იყიდა ესენია:

რუსეთი - 28 350 ტონა, 41,640 მლნ დოლარი (ერთი ტონა საშუალოდ - 1 469 დოლარი)

აზერბაიჯანი - 2 398 ტონა, 3,785 მლნ დოლარი (ერთი ტონა საშუალოდ - 1 578 დოლარი)

უკრაინა - 1 532 ტონა, 2,437 მლნ დოლარი (ერთი ტონა საშუალოდ - 1 590 დოლარი) 2 ათასი დოლარი

თურქეთი - 221 ტონა, 391,7 ათასი დოლარი (ერთი ტონა საშუალოდ - 1 772 დოლარი)

იტალია - 39,5 ტონა, 77,2 ათასი დოლარი (ერთი ტონა საშუალოდ - 1 955 დოლარი)

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში