მივიღეთ გადაწყვეტილება, არ განვიხილოთ „ომის პარტიის“ არც ერთი ინიციატივა, რომელიც საგარეო პოლიტიკას უკავშირდება -  მდინარაძე

22 მარტი 2022, 14:33 912 ნახვა

''ომის პარტიის" მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ განვიხილოთ "ომის პარტიის", ასევე მისი დანაყოფების არც ერთი ინიციატივა, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძის თქმით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის მიერ წარმოებული ომის პარალელურად თავის ქვეყანაში ჰიბრიდული ომის წარმოებით ებრძვის საკუთარ ქვეყანას და მის ხელისუფლებას.

„უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ღია აგრესიისა და საომარი ქმედებების პარალელურად, საქართველოში „ომის პარტია“ და მისი დანაყოფები აგრძელებენ საინფორმაციო, ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ. საქართველო კვლავ ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის მიერ წარმოებული ომის პარალელურად თავის ქვეყანაში ჰიბრიდული ომის წარმოებით ებრძვის საკუთარ ქვეყანას და მის ხელისუფლებას. ალბათ ყველას გახსოვთ ცრუ ინფორმაციების კასკადი და ომში ჩართვის რეგულარული მცდელობები მათი მხრიდან, რასაც ბოლო დღეებში ახალი, ჰაერიდან მოტანილი ტყუილები დაემატა. მაგალითად: საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტს დააბრალეს, თითქოს საჯარო სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში რუსული სექტორის აღდგენა ხდება, ასევე მოიგონეს, თითქოს ბათუმში იხსნება რუსული სკოლა, თითქოს პარლამენტში განსახილველად შედის მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებები, რაც მათივე შექმნილი ფეიკის მიხედვით საზღვარზე რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინებას უკავშირდება. თქვეს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაკვეთა. საუბრობდნენ ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის სასწრაფო წესით დაწყებაზე და ა.შ. ეს არის მათი მავნებლობების მხოლოდ მცირე ჩამონათვალი. ყველა მათგანი აბსოლუტურად საზოგადოებაში მღელვარების გამოსაწვევად შექმნილი მათივე მოგონილი ამბავია. ამის პარალელურად აყენებენ სხვადასხვა ინიციატივას, რომლებიც, თან პროპაგანდისტულ, თუ პოპულისტურ მიზნებს ემსახურება, პარალელურ რეჟიმში კი პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება „ომის პარტიის“ მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიას, ჰიბრიდულ ომს და საქართველოს ომში ჩათრევის მიზანს“, – განაცხადა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი