უკრაინამ და საქართველომ ერთი გზა გაიარა: რუსული იმპერიისგან გათავისუფლება, დამოუკიდებლობის მოპოვება - ზურაბიშვილი

14 მარტი 2022, 12:36 1173 ნახვა

საქართველო იდგა და დგას უკრაინის და უკრაინელების გვერდით - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

პრეზიდენტმა საკანონდებლო ორგანოში უკრაინის ომის ამსახველი ფოტოები მიიტანა. 

''დღეს ჩვენ თვალწინ შემზარავი კადრები იშლება. რუსეთის მიერ დაბომბილი საავადმყოფოები, საბავშვო ონკოლოგიური საავადმყოფო, ბაგა-ბაღები და სკოლები, თუნდაც ერთმორწმუნე ერის ეკლესიები. მოხუცების და ორსულების ევაკუაცია. უკრაინელი მეომრების, თუ რიგითი მოქალაქეების შეუპოვარი ბრძოლა საკუთარი მიწის, სამშობლოს დასაცავად და დამოუკიდებლობის გადასარჩენად.

რუსულ აგრესიასთან ასეთი თავგანწირული ბრძოლა, ჩვენში მხოლოდ პატივისცემას, სოლიდარობასა და გვერდში დგომას იწვევს. საქართველო იდგა და დგას უკრაინის და უკრაინელების გვერდით!'' - განაცხადა პრეზიდენტმა. 

სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ანდრია კასიანოვს და "მასთან ერთად ყველას, ვინც დღეს კიევში, ოდესაში თუ მარიუპოლში ჩვენს თავისუფლებას და ჩვენს ევროპულ მომავალს იცავს". 

''მინდა იცოდეთ თქვენ, მივმართავ ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, რომ აქ გამოვხატავთ სრულიად საქართველოს ერთიან სულისკვეთებას. აქ გამოვხატავთ, ყველა აქ შეკრებილნი, სახელმწიფოს და მისი ყველა ინსტიტუტის, ყველა პოლიტიკური ძალის და რიგითი მოქალაქეების მხარდაჭერას. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს აქ, ჩვენთან ერთად, ეკლესიაა წარმოდგენილი და ჩვენ ყველა ერთად სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას და უკრაინელებს! დღეს ამ ტრაგედიის შემყურეთაგან, ვინც ყველაზე კარგად აცნობიერებს, რას ნიშნავს რუსული საუკუნოვანი იმპერიალიზმი, ჩვენ, ქართველები ვართ! ქართველებს ყველაზე კარგად გვესმის და ვიზიარებთ, იმას თუ რას განიცდის უკრაინელი ერი!

უკრაინამ და საქართველომ ერთი გზა გავიარეთ: რუსული იმპერიისგან გათავისუფლება, დამოუკიდებლობის მოპოვება, საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობა - თავისი აჯანყებებით, რეპრესიებითა და ჰოლოდომორით, დამოუკიდებლობის აღდგენა, რუსეთის მიერ პროვოცირებული სეპარატისტული კონფლიქტები, კიდევ ომი და კიდევ ოკუპაცია. მიუხედავად ამისა, ხელი ვერავინ და ვერაფერმა აგვაღებინა თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე. ზურგი ვერავინ და ვერაფერმა შეგვაქცევინა ჩვენ მიერ არჩეული ისტორიული ევროპული გზისათვის. საქართველოს ისტორია, ისევე როგორც უკრაინის, სიამაყისა და თავდადების ისტორიაა. ისტორიაა განსაცდელისა და ტრაგედიების, დამპყრობლებთან შეუპოვარი, გმირული, თავგანწირული ბრძოლის მაგალითების. ასე იქმნება ერი! ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის სასწაული მის გამძლეობაში, ქედმოუხრელობაში, გაუტეხელობაში, სიამაყეში იყო და არის! დღეს, ჩვენ უკრაინაში სწორედ ასეთ სასწაულ შემართებას ვხედავთ, რაც მჯერა, რომ მხოლოდ გამარჯვებით შეიძლება დასრულდეს'' - განაცხადა პრეზიდენტმა. 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომმა მსოფლიოს თვალი გაახელინა. 

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, დღეს ყველასთვის გარდამტეხი მომენტია და მათ შორის, საქართველოსთვის. 

''დღეს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს, უმძიმესი დღეები უდგას, თუმცა უკრაინის ბრძოლა ჯერ გამარჯვებული თუ არა, უკვე წარმატებულია! წარმატებული, რამეთუ ამ მოვლენებმა მსოფლიოს თვალი გაახელინა და გამოაღვიძა. უდავოდ უკრაინის დამსახურებაა უპრეცედენტო საერთაშორისო სოლიდარობა და ამ სოლიდარობაში ერთიანობა. უდავოდ უკრაინის დამსახურებაა ევროკავშირის არნახული ერთსულოვნება და სიმტკიცე, ამერიკის და ევროპის ერთობლივი მოქმედებები. მისი დამსახურებაა, დღეს უკვე იზოლირებული და ხვალ კი, დასუსტებული რუსეთი. დღეს ყველასთვის გარდამტეხი მომენტია და მათ შორის, საქართველოსთვის, რამეთუ დღეს ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე, რომლებიც შესაძლოა, ხვალ კიდევ უფრო მწვავე გახდეს. თუმცა ამავდროულად, როგორც სჩვევია ისტორიას, გამოწვევებთან ერთად, კრიზისებს და ომებს ახალი შესაძლებლობები მოაქვთ. ახალი გზები იხსნება. ამ ახალ გზაზე, საქართველომ თავისი ადგილი სწორედ ახლა უნდა დაიმკვიდროს.

უნდა გვესმოდეს რა ხდება, გავიაზროთ და მოვემზადოთ ყველა შესაძლო შემთხვევისთვის და არა პასიურად ვისხდეთ და ველოდოთ მომავალი რას დაგვახვედრებს. ეს არის ჩვენი, ყველა აქ მჯდომის ვალდებულება ქვეყნის წინაშე! დრო აღარ ითმენს! თუ ახალ მოვლენებს, საფრთხეებსა და ახალ შესაძლებლობლებს მზადყოფნაში არ დავხვდებით - ეს დრო აღარ დაბრუნდება! ამიტომ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე არ მესმის, და ვერ შევეგუები იმას, რომ დღეს, ამ გზაგასაყარზე კინკლაობის, ქიშპობის, მტრობის, დამღუპველი დაპირისპირებისა და პოლარიზაციის დასრულების მაგივრად, თქვენ აქ შეკრებილნი ივიწყებთ იმას, რაც ასახულია ჩვენს გერბზე: „ძალა ერთობაშია“! საზოგადოება კი თქვენზე ბევრად ფხიზელია, შეგნებული, მამაცი და რაც მთავარია, ერთიანი. დღეს ვხედავ, რომ ეროვნული თანხმობის ნიშნებმა ხალხში უკვე გაიღვიძა, თუმცა თქვენში ამას ჯერ ვერ ვხედავ. ნუთუ არ გესმით, თუ რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ ყველას ერთად თქვენი ხალხის წინაშე'' - განაცხადა პრეზიდენტმა. 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სასესიო დარბაზში უკრაინის დროებით რწმუნებულთან ერთად შევიდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი