ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის საქმე - პროცესზე დაზარალებულები იკითხებიან

07 მარტი 2022, 14:33 1155 ნახვა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩის 13 ნომერში მდებარე სახლის ჩამონგრევის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვა გრძელდება. სასამართლო ბრალდების  მოწმეებს უსმენს, ვინც ტრაგედიის შედეგად დაზარალდნენ.  

დაიკითხა ჯემალ თავდგირიძე. პროკურორებს კითხვები ჰქონდათ  მზიდ კედლებთან, ლიფტის მიშენების, ბინების განლაგების  შესახებ და თუ ვინ როდის და როგორ გაარემონტა საცხოვრებელი ბინები. ჯემალ თავდგირიძემ აღნიშნა, რომ საცხოვრებელ კორპუსზე  არც ტრაგედიამდე და არც ტრაგედიის დღეს დაზიანებები არ შეუმჩნევია.

ზიანის ანაზღაურებას ითხოვს ასევე  ტრაგედიის დროს გადარჩენილი ბავშვის მამა, რომელიც მოწმის სახით გამოიკითხა.

პროკურატურას სამი ბრალდებული  ჰყავს. ორ მუშას გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას,  გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის და  ჯანმრთელობის დაზიანებას ედავება,  ბინის მეპატრონეს კი  ბრალი  შრომის უსაფრთხოების  წესების დარღვევის მუხლით აქვს წარდგენილი.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ  5  წლამდე  თავისუფლების აღკვეთა   ემუქრებათ.

26 მაისის ქუჩაზე  სადარბაზოს ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში