სანქციები რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ

03 მარტი 2022, 12:55 886 ნახვა

გრძელდება საერთაშორისო სპორტული საზოგადოების მიერ რუსეთის და ბელარუსის სრულ იზოლაციაში მოქცევა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის  რეკომენდაციით, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ რუს და ბელარუს მოჭიდავეებს  ნებისმიერ ტურნირში მონაწილეობა აუკრძალა.

7-13 მარტს ბულგარეთში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი გაიმართება, თუმცა მასში მონაწილეობას 3 ქვეყანა ვერ მიიღებს: უკრაინა, მას ახლა ამ ტურნირისთვის არ სცალია, რუსეთი და ბელარუსი არ მიიწვიეს.

ასევე აეკრძალათ რუს და ბელარუს პარაოლიმპიელებს პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა.

რაგბი ევროპის დირექტორთა საბჭომ რუსეთისა და ბელარუსის მიმართ სანქციები ერთხმად დაამტკიცა. რაგბი ევროპამ მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილება სრულად გაიზიარა  და რუსეთისა და ბელარუსის რაგბის კავშირები თავისი რიგებიდან მოკვეთა - ორივე ქვეყნის ყველა ასაკობრივ გუნდს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა აეკრძალა.

რუსეთისა და ბელარუსის წარმომადგენლები რაგბი ევროპის ყველა მმართველი ორგანოდან გარიცხეს. რაგბი ევროპა იმ ტურნირების სხვა ქვეყანაში გადატანის შესაძლებლობებს განიხილავს, რომლებისთვისაც რუსეთს უნდა ემასპინძლა.

ესენია: 2022 წლის ევროპის ჩემპიონატები თოვლისა და ქვიშის რაგბიში. შვიდკაცა და შვიდქალა ევროპის ჩემპიონატების მოსკოვის ეტაპები. 18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი და შვიდკაცა რაგბიში ევროპის საკლუბო ჩემპიონატი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში