რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ გულგრილი არც სპორტის სამყარო დატოვა. მსოფლიო სპორტის სხვადასხვა ორგანიზაციამ ოკუპანტ ქვეყანას სანქციები დაუწესა. გარდა ამისა, სპორტის სხვადასხვა სახეობაში ბევრი ქვეყანა რუსეთში ჩასვლაზე უარს აცხადებს. 2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანქტ-პეტერბურგის ნაცვლად პარიზში გაიმართება, რუსული კლუბები და ნაკრები საფეხბურთო მატჩებს ნეიტრალურ მოედანზე ჩაატარებენ. შვედეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა უარი თქვეს მოსკოვში პლეი-ოფის მატჩებზე გამგზავრებაზე.
საკალათბურთო ევროლიგამ ცსკა-ს, უნიქსი-ს და ზენიტის თამაშები გაურკვეველი ვადით გადადო. პოლონეთის ზელენა-გურამ და ესტონეთის კალევმა დატოვეს ბთბ-ის საკალათბურთო ლიგა. ნიდერლანდებმა უარი თქვა კალათბურთში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში რუსეთთან თამაშზე.
ფორმულა-1-მა 2022 წლის რუსეთის გრან-პრი გააუქმა. 2022 წლის საჭადრაკო ოლიმპიადა რუსთში აღარ გაიმართება. რიგის დინამო და იოკერიტი ჰოკეის კონტინენტალური ლიგიდან გავიდნენ. ფინეთმა და შვედეთმა უარი თქვეს რუსეთში ბურთით ჰოკეის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატში მონაწილეობაზე.
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ მოსკოვის ტურნირი გააუქმა. სათხილამურო სპორტში მსოფლიოს თასის ეტაპები, რომლებიც რუსეთში უნდა გამართულიყო გაუქმდა. რუს სპორტსმენებს დროშისა და ჰიმნის გარეშე მოუწევთ ასპარეზობა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ პუტინს საპატიო პრეზიდენტისა და ძიუდოს ელჩის სტატუსი შეუჩერა. მსოფლიოს სპორტული სამყაროს განცხადებით, თუ ოკუპანტი არ გაჩერდება წინ კიდევ ბევრი სანქცია ელოდება.