"ვითიბი ბანკი" აგრძელებს ოპერირებას - ეროვნული ბანკი სანქცირების შემდეგ განცხადებას ავრცელებს

25 თებერვალი 2022, 11:56 1183 ნახვა

საქართველოს ეროვნული ბანკი "ვითიბი ბანკთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სანქცირებული რუსული ბანკებიდან საქართველოში მხოლოდ ''ვითიბი ბანკს' აქვს ადგილობრივი წარმომადგენლობა და ფილიალები.

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ შეზღუდვების პირობებში VTB ბანკი მუშაობას აგრძელებს. მათივე ცნობით, ბანკი გადახდისუნარიანია და მისი მეანაბრეების ინტერესები სრულად არის დაცული.

''ბოლო დღეებში უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო, აშშ - მა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსულ ფინანსურ სისტემას, მათ შორის, "ვითიბი ბანკის“ ჯგუფს და მის წევრ სს "ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სანქციები დაუწესა.

პოტენციური რისკების განეიტრალების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს ,,VTB Bank'' - ,,ვითიბი ბანკი ''- თან ერთად ადრევე ჰქონდა შემუშავებული სანქციების დაწესების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა.

შედეგად, როგორც ბანკი, ისე სებ - ი დღევანდელი სიტუაციისთვის სრულიად მზად არის. ბანკი გადახდისუნარიანია და მისი მეანაბრეების ინტერესები სრულადაა დაცული.

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია", აღნიშნული შეზღუდვების გათვალისწინებით, აგრძელებს ოპერირებას.

დამატებითი ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში, სებ-ი მზად არის ბანკი შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველყოს'' - წერია განცხადებაში.

ბანკი მომზადებული შეხვდა აღნიშნულ სანქციებს, – ამის შესახებ „ვითიბი ბანკი ჯორჯიაში“ აცხადებენ. მათივე განმარტებით, დაწესებული სანქციები არ ითვალისწინებს ბანკის საქმიანობის შეჩერებას.

„ვითიბი ბანკი ჯორჯია“ არის ერთ-ერთი ლიდერი ბანკი საქართველოში და ბანკებს შორის, საზედამხედველო კაპიტალის მიხედვით, მესამე ადგილს იკავებს. „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი, როგორც ფინანსურად, ასევე იურიდიულად. ბანკს გააჩნია 410 მლნ. ლარის სააქციო კაპიტალი, რასაც ემატება 110 მლნ. ლარის სუბორდინირებული სესხები სათაო ბანკიდან და, შესაბამისად, შესაძლებლობა აქვს, საჭიროების შემთხვევაში, სრულად დაფაროს კლიენტების ვალდებულებები. მისი მთლიანი აქტივების შეფარდება კლიენტთა სახსრებსა და რეზიდენტი ბანკების დეპოზიტების, პირველი თებერვლის მდგომარეობით, აღემატება 135%-ს, რომელიც თანხობრივად 565 მლნ. ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“, საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, სანქციების დაწესების შემთხვევაში, შემუშავებული ჰქონდა სამოქმედო გეგმა. შესაბამისად, ბანკი მომზადებული შეხვდა აღნიშნულ სანქციებს. ამასთან, ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში, სებ-ი მზად არის, უზრუნველყოს ბანკი შესაბამისი რესურსით.

ვინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დაწესებული სანქციები არ ითვალისწინებს ბანკის საქმიანობის შეჩერებას. ბანკის ნებისმიერ კლიენტს შესაძლებლობა ექნება, სურვილის შემთხვევაში, გადარიცხოს საკუთარი სახსრები სხვა ბანკში ან გაიტანოს ნაღდი ფულის სახით ან განახორციელოს გადახდები. ასევე, დეპოზიტებს ჩვეულებრივ დაერიცხებათ სარგებელი შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადებში და ოდენობით. ამგვარად, არ დაზარალდება არც ერთი მომხმარებელი, მიუხედავად იმისა, რომელი საბანკო პროდუქტით სარგებლობს“, – აღნიშნავენ „ვითიბი ბანკი ჯორჯიაში“.

ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები "ვითიბი ბანკის" ქართულ წარმომადგენლობაზეც ვრცელდება და შესაბამისად, 26 მარტიდან ბანკს ეზღუდება ოპერაციები დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა ვალუტებში.

ეს ბანკი რუსეთში სიდიდით მეორე და საქართველოს ბაზრის მსხვილი მოთამაშეა. საქართველოს მოსახლეობის ნაწილს ამ ბანკში ერიცხება ხელფასი, ნაწილს კი ანაბრები აქვს გახსნილი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში