სააკაშვილი ხელისუფლებას მიმართავს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კიევში გადაიყვანონ და დროებით განაჩენი გადაუვადონ

24 თებერვალი 2022, 16:04 4303 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კიევში სამედიცინო ტრანსფერით გადაიყვანონ. ამის შესახებ, მან სახელმწიფო საზღვრის კვეთის საქმეზე მიმდინარე მორიგ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სააკაშვილმა სხდომაზე ასევე ხელისუფლებას მიმართა, დროებით განაჩენი გადაუვადონ.

სააკაშვილის განცხადებით, თუ ხელისუფლება მის წინადადებას დათანხმდება, ის პირობას დებს, რომ საქართველოში დაბრუნდება და ასევე მის მომხრეებს საპროტესტო აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„თქვენ იცით, რომ ციხეებში გადატანილი ტრავმების შედეგად განმივითარდა მძიმე ნევროლოგიური მდგომარეობა. მართლა მეცოდებიან ციხის ექიმები, რომლებიც ძალიან რთულ პირობებში არიან, რომ ეს სიმპტომები დაასტაბილურონ, რადგან სიმპტომები სულ უფრო მძიმდება. ეს დაუყოვნებლივ მკურნალობას მოითხოვს. მოგმართავთ, რომ დათანხმდეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებას და მოახდინოთ ჩემი სამედიცინო ტრანსფერი ქალაქ კიევში. გადამივადოთ განაჩენი დროებით სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება. მე ვარ უკრაინის მოქალაქე, მე ვარ უკრაინის ნაციონალურ რეფორმათა საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე. ჩემი ოფისი განლაგებულია პირდაპირ პრეზიდენტ ზელენკის ოფისის გვერდით და დღესაც მუშაობს, სხვათა შორის, მათთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს. როგორც კი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ზოგადად, სიტუაცია ოდნავ დასტაბილურდება, ამის შემდეგ პატიოსან სიტყვას გაძლევთ და მე ჩემს სიტყვას არასდროს ვარღვევ, ვთქვი, რომ ჩამოვიდოდი და ჩამოვედი, ვიცოდი, რითი დამთავრდებოდა...

თუ კიევში ჩემს ტრანსფერს დათანხმდებით, განახორციელებს მესამე დიდი ევროპული ქვეყანა, რომლისგანაც შემოთავაზება გაქვთ და იცით, რომ ეს შემოთავაზება არაერთგზის ყოფილა. თუ თქვენ ამ წინადადებას დათანხმდებით, მოვუწოდებ ყველა მომხრეს, საპროტესტო აქტიურობის შეწყვეტისკენ ამ პერიოდში. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან დაკავშირებული ნებისმიერი საპროტესტო აქტიურობის შეწყვეტისკენ“,-განაცხადა სააკაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი