სისხლში ტყვიის შემცველობას მოზარდებში გამოიკვლევენ. პროგრამას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს.
ორსულებისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალების შემდეგ კვლევები 8-დან 14 წლამდე ბავშვებს ჩაუტარდებათ.
ოჯახის ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე ტყვიაზე ანალიზის პროგრამაში 3 800 მოზარდი და ასევე 4 500 ორსული ჩაერთვება. პროგრამა ითვალისწინებს განმეორებით კვლევებსაც.
მედიკოსების განცხადებით, ორივე რისკ-ჯგუფში ტყვიით ინტოქსიკაციის მაჩვენებელი მაღალია.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს წყაროების დადგენა, მათ შორის გარემო პირობების კვლევა და ჩამდინარე წყლების ანალიზი.