ბადრი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და შალვა ნათელაშვილი დეპუტატები აღარ არიან - ასე გადაწყვიტეს დღეს უმრავლესობის დეპუტატებმა. ხოშტარია და ნათელაშვილი სხდომებს არ ესწრებოდნენ, სწორედ არასაპატიო გაცდენები გახდა უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი. „ლელოს“ ლიდერ ბადრი ჯაფარიძის მანდატის გარეშე დატოვებას კი წინ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უძღოდა. გადაწყვეტილება ბადრი ჯაფარიძეს უზრდის მოტივაციას, როგორც ის ამბობს, იბრძოლოს სახელმწიფოს გასათავისუფლებლად. მმართველი პარტიის დეპუტატების გადაწყვეტილებას პოლიტიკური ოპონენტები პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებენ. მეათე მოწვევის პარლამენტში ხუთი სადეპუტატო მანდატი დაიკარგა. ხუთივე ოპოზიციის კუთვნილი მანდატია.