ბათუმში, 26 მაისის ქუჩის 13 ნომერში მდებარე სახლის ჩამონგრევის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმენს. სხდომა 15 საათზე დაიწყება. მოწმეების გარდა პროკურატურას მტკიცებულების სახით საქმეში წარმოდგენილი აქვს ექსპერტიზის დასკვნა, წერილობითი, ვიდეო და აუდიო მასალები.
საქმეში არსებული მტკიცებულებების მოცულობის გამო ბრალდების მხარეს 10 სხდომა დაეთმობა, რის შემდეგაც უკვე დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მასალების განხილვა დაიწყება. დაცვის მხარე პროკურატურის ყველა მტკიცებულებას სადავოდ მიიჩნევს, ბრალდებულები კი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან. პროკურატურას სამი ბრალდებული ჰყავს.
ორ მუშას გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას, გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის და ჯანმრთელობის დაზიანებას ედავება, ბინის მეპატრონეს კი ბრალი შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით აქვს წარდგენილი.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
26 მაისის ქუჩაზე სადარბაზოს ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი მამაკაცი კი გადარჩა.