თოვლი, ზღვაზე შტორმი, გზებზე ლიპყინული. ძირითადად ასეთი იქნება მეტეოროლოგიური პირობები ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე ღამით. მესამე დღეა დასავლეთ საქართველოში თოვს.
განსაკუთრებით უხვი ნალექი მაღალმთიან აჭარაში მოვიდა. 2 მეტრს მიღწეულმა თოვლის საფარმა, ბუნებრივია, შექმნა პრობლემები. გართულდა გადაადგილება, ძლიერმა ნალექმა ელექტროსადენები დააზიანა,რის გამოც სოფლების ნაწილში დენი გაითიშა. დახმარების მისაღებად ცხელ ხაზზე არაერთი ზარი შედის.
ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი - თეთრად შემოსილ რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში თოვლი მხოლოდ 2 დღით შეწყდება, როგორც ამას სინოპტიკოსები ამბობენ.