არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების კანონპროექტზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ. განცხადებას ხელს 20-მდე ორგანიზაცია აწერს.
მათი განცხადებით, მმართველმა პარტიამ, ყოველგვარი დასაბუთების თუ შესაბამისი აქტორების და თავად სახელმწიფო ინსპექტორის ჩართულობის გარეშე, მიიღო არაკონსტიტუციური და ქართული დემოკრატიისთვის უკიდურესად დამაზიანებელი გადაწყვეტილება.
„2021 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა, დაჩქარებული წესით, მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები რომელთა მიხედვითაც, სახელმწიფოს ინსპექტორის სამსახური, მოქმედი ფორმით უქმდება და იქმნება ორი ახალი სამსახური, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პერსონალური მონაცემების დაცვასა და სამართალდამცავთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე. ასევე, მოქმედ სახელმწიფო ინსპექტორს უწყდება უფლებამოსილების ვადა, მიუხედავად იმისა, რომ იგი არჩეული იყო თავად პარლამენტის მიერ, 2025 წლამდე.
ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ, ყოველგვარი დასაბუთების თუ შესაბამისი აქტორების და თავად სახელმწიფო ინსპექტორის ჩართულობის გარეშე, მიიღო არაკონსტიტუციური და ქართული დემოკრატიისთვის უკიდურესად დამაზიანებელი გადაწყვეტილება.
ამავდროულად, მისასალმებელი იყო საქართველოს პრეზიდენტის წინასწარი შეფასება, რომ მისთვის მიუღებელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა. შესაბამისად, პრეზიდენტმა მოუწოდა საკანონმდებლო ორგანოს, შეეწყვიტა საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა და ყველასთვის მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა საკუთარი არგუმენტები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები, მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს:
გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური უფლებამოსილება და ვეტო დაადოს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს, ხოლო საკანონმდებლო ცვლილებების კანონპროექტი, მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს პარლამენტს,“- ნათქვამია განცხადებაში.