დიდთოვლობის გამო კურორტ გოდერძის მიმართულებით მოძრაობა შეფერხებულია

04 იანვარი 2022, 11:09 1443 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში დღეს გამოიდარა, თუმცა დიდთოვლობის გამო სოფლების უმრავლესობაში შეფერხებულია გადაადგილება და ელექტროენერგიის მიწოდება.

მთავარი დაბრკოლება ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალია, კერძოდ ხულო- გოდერძის დამაკავშირებელი მონაკვეთი. მოქალაქეები აცხადებენ, რომ გადაადგილება მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაც კი რთულია, ვინაიდან მაგისტრალი შესაბამისად გაწმენდილი არ არის.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ ერთეულებსა და შიდა საუბნო გზებს, აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით ადმინისტრაციულ ერთეულებში მისასვლელი გზების გაწმენდა დასრულდა და დაწყებულია შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებაც.

ხულოსა და შუახევში პრობლემებია ელექტროენერგიის მიწოდების მხრივაც. ამ დრომდე აბონენტების ნაწილი შუქის გარეშეა დარჩენილი. ''ენერგო პრო-ჯორჯიაში'' განმარტეს, რომ შეფერხებების აღმოსაფხვრელად ტექნიკური ჯგუფები დილიდან მუშაობენ.

აჭარის მაღალმთიანეთში დღის მეორე ნახევრიდან ისევ თოვლს ელოდებიან. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში