სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, საქართველოს დემოკრატიისთვის მაღალი რისკის შემცველია - EU

28 დეკემბერი 2021, 23:34 1004 ნახვა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას ეხმაურება.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ასუნსიონ სანჩეს რუისის თქმით, საქართველოს პარლამენტში დაწყებული პროცესი, კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების თაობაზე, რომელიც გამოიწვევს სახელმწიფო ინსპექტორის არსებული სამსახურის გაუქმებას, საქართველოს დემოკრატიისთვის მაღალი რისკის შემცველია.

"ვინაიდან შეიძლება არსებობდეს მიზეზი, რომ საკანონმდებლო წესით გაუმჯობესდეს საგამოძიებო და მონაცემთა დაცვის ფუნქციები, რომლებიც ამჟამად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ეკისრება, ასეთი ცვლილებები უნდა განხორციელდეს ღია და გამჭვირვალე პროცესის ფარგლებში, არსებითი, ფართო დებატებით, სამოქალაქო საზოგადოებისა და თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის საქართველოში არსებული დამოუკიდებელი მექანიზმი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამოსაძიებლად და, შესაბამისად, კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის საკვანძო ინსტიტუტს წარმოადგენს. ევროკავშირი ჩართული იყო ამ სამსახურის შექმნაში და მის განვითარებაში მნიშვნელოვანი ფინანსური და ადამიანური რესურსების ინვესტირება მოახდინა. ამიტომ, ჩვენ ამ ქმედებებით ძალიან იმედგაცრუებულები ვართ და ვწუხვართ იმ ფაქტის გამო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლების პარლამენტთან ურთიერთქმედება შესაძლებელი არ აღმოჩნდა“, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი