''ფულის გათეთრების'' საქმეზე ბრალდებულების, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი გადაიდო.
დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის შემდეგ, ბრალდების მხარემ რეპლიკის მოსამზადებლად გარკვეული დრო მოითხოვა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, შემდეგი სასამართლო პროცესი 11 იანვარს, 11:00 საათზე გაიმართება.
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას (ფულის გათეთრებას) ედავება.