სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის საბოლოო სხდომა მიმდინარეობს

16 დეკემბერი 2021, 11:57 994 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღეს საქმის არსებითი განხილვა სრულდება, სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარდგება. 

მოსამართლემ განაჩენი დღევანდელი პროცესის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში უნდა გამოაცხადოს.

პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში შეიკრიბნენ ოპოზიციური პარტიის ლიდერები და  აქტივისტები. 

''არანაირი დარღვევა, არათუ ფულის გათეთრება ამ საქმეში, არ ყოფილა,'' – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ეს პროცესი არის წარმატებული საქმეების ტესტი.

''ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ უიმედობა და უიმედობის დანერგვა, რასაც ხელისუფლება ყველა სფეროში ახორციელებს. ეს არ არის პროცესი იმის გასარკვევად, რა მოხდა, რადგან ამის გარკვევა პირველი კურსის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტსაც შეუძლია. არაფერი სირთულე და მით უმეტეს სამწლიანი გამოკვლევა ამას არ სჭირდებოდა. აქ სხვა რამესთან გვაქვს საქმე. რატომ გაიწელა სამი წელი ეს საქმე? გაიწელა, რადგან ებრძვიან წარმატებას ამ ქვეყანაში, ებრძვიან იმას, რომ ქართველებს არ შეუძლიათ წარმატებული საქმის კეთება, თუ გამოუვიდათ ეგ საქმე აუცილებლად უნდა იყოს დანაშაული და დარღვევა“, – განაცხადა ხაზარაძემ.

დღეს  სახალხო დამცველმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 2020 წლის 9 იანვარს საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინეს. დოკუმენტი ეყრდნობა საქმის მასალების 33 ტომის სრულად გაცნობის შედეგად გამოვლენილ საკვანძო საკითხებს და მიმოიხილავს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) დანაშაულის შინაარსობრივ, სტრუქტურულ და მიზნობრივ ელემენტებს.

'' პრედიკატული დანაშაულის ჩადენა - ფულის გათეთრებისთვის აუცილებელია, არსებობდეს (როგორც წესი, რეგულარული და არაერთგზის ჩადენილი) დანაშაული, რომლითაც პირმა „შავი ფული“ მოიპოვა. წინამდებარე საქმეში მსგავსი დანაშაულის რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის;

უკანონო ლეგალიზაციის სქემა - ფულის გათეთრების სქემა სამ ეტაპს მოიცავს. თავდაპირველად თანხა ბანკის სხვადასხვა ანგარიშებზე განთავსდება, შემდგომ მრავალი წვრილმანი გადარიცხვა სრულდება, რათა მაკონტროლებელმა ორგანოებმა აღნიშნული თანხის წარმომავლობის დადგენა ვეღარ შეძლონ, ბოლოს კი თანხა დამნაშავის საბანკო ანგარიშზე ბრუნდება. საქმის მასალების მიხედვით კი, ბრალდებულებს მიღებული თანხა არ განუთავსებიათ სხვადასხვა ანგარიშებზე, არ დაუშლიათ მცირე ერთეულებად და არ განუხორციელებიათ წვრილმანი გადარიცხვები.

უკანონო ლეგალიზაციის მიზანი - ფულის გათეთრების მიზანს წარმოადგენს წინასწარ უკანონოდ, დანაშაულებრივად მიღებული და წვრილმანი ტრანზაქციების მეშვეობით კანონიერად შენიღბული ფულის უკან დაბრუნება ლეგალურ ანგარიშზე. საქმიდან საერთოდ არ იკვეთება თანხის ბრალდებულთა ანგარიშზე დაბრუნება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბრალდებაში აღწერილი ქმედება ფულის გათეთრება ვერ იქნება'' - წერია განცხადებაში. 

მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად, 2 მილიონამდე ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წაუყენეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში