აეროპორტის ტერიტორიაზე მომუშავე ტაქსის მძღოლებს სთხოვდნენ თანხის ნახევარი ე.წ. ქურდულ საერთოში შეეტანათ - შსს 

15 დეკემბერი 2021, 15:24 4273 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს. 

დაკავებულებს შორის არიან: გ.ლ. (მეტსახელად „აბაშა“), გ.მ. (მეტსახელად „ბუბლიკა“), ნ. ჩ. (მეტსახელად „მეგრელა“).

დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ "ქურდული სამყაროს" წევრები საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდის“ დავალებითა და საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ორგანიზებას უწევდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომუშავე, თვითდასაქმებული კერძო ტაქსების მძღოლებისგან ე.წ. ქურდული საერთოს შეგროვებას.

''ისინი "ქურდული სამყაროს" მხარდამჭერ ტაქსის მძღოლებს - გ.მ.-ს, დ.გ.-ს და გ.კ.-ს, რომლებმაც იცოდნენ "ქურდული სამყაროს წევრების" საქმიანობის შესახებ, ასევე, აეროპორტის ტერიტორიაზე მომუშავე სხვა თვითდასაქმებულ ტაქსისტებს სთხოვდნენ ე.წ. ქურდულ საერთოში შეეტანათ მათ მიერ გამომუშავებული თანხის ნახევარი, რის სანაცვლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე შეუზღუდავი მუშაობის საშუალება მიეცემოდათ.

,,ქურდული სამყაროს“ წევრები - გ.ლ., გ. გ. და ბ. ჟ. სისტემატურად აკონტროლებდნენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე კერძო ტაქსით მუშაობის უფლება ჰქონოდათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ე.წ. ,,ქურდული საერთოსთვის“ თანხას იხდიდნენ.

"ქურდული სამყაროს" აღნიშნულ წევრებსა და იმ მძღოლებს შორის, რომლებიც მათ თანხას არ უხდიდნენ, დაპირისპირება წარმოიქმნა. 2021 წლის აგვისტოში, არსებული დავის თავის სასარგებლოდ გადასაწყვეტად და „ქურდული სამყაროს“ წევრებზე გავლენის მოხდენის მიზნით, ნ. ჩ. და დ.ს. გაემგზავრნენ თურქეთში, სადაც შეხვდნენ ქართველ „კანონიერ ქურდ“ თ.ხ.-ს, რომელმაც დავა მათ სასარგებლოდ გადაწყვიტა.

მოგვიანებით, დაპირისპირებული მხარეები შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც ნ.ჩ.-ს და მის მომხრე მძღოლებს „ქურდული სამყაროს“ წევრებმა კვლავ აუკრძალეს აეროპორტის ტერიტორიაზე საქმიანობა'' - განაცხადეს ბრიფინგზე. 

უწყების ცნობით, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, ასევე ამოღებულია ფული და არაოფიციალური დოკუმენტაცია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი