ბათუმის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრობის" წევრებსა და ქალაქის მერს შორს შეხვედრა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
"ნაციონალური მოძრაობის წევრებმა" არჩილ ჩიქოვანს ჰკითხეს თუ რატომ დადიოდა მერიის თანამშრომელი იარაღით.
ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ ზედამხედველობის სამსახური დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს და ამის შესახებ, რეზო ხარაზის თქმით, სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში არის საუბარი, რომელიც მან დღეს არჩილ ჩიქოვანს მიუტანა.
ისინი გამოძიების დასრულებმა მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ.
"რატომ უნდა დადიოდეს შეიარაღებული, ბანდფორმირების წარმომადგენელივით, მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმოამდგენელი ქუჩაში? თქვენთვის შეიძლება ეს ნორმალურია, მაგრამ ჩვენ გეუბნებით, რომ არა.
რატომ შენდება ბათუმში უკანონოდ მრავალსართულიანი კორპუსები და რატომ არ რეაგირებთ ამ ყველაფერზე"- მიმართეს ქალაქის მერს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა.
არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, აღნიშნულ ობიექტზე სამუშაოები მიმდინარეობდა კანონდარღვევით. ფაქტზე კი მიმდინარეობს გამოძიება და რეაგირებაც ობიექტური გამოძიების დასრულების შემდეგ იქნება.
"იმ კონკრეტულ ობიექტზე სამუშაოები მიმდინარეობდა სანებართვო დოკუმენტაციის დარღვევით. მონიტორინგის მიზნით მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები იყვნენ ობიექტზე, სადაც მოხდა ადგილზე მყოფი პირების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა.
ჩვენს ნაწილში გამოძიებას განვაგრძობთ და რეაგირება იქნება. იცით, რომ არის დაწყებული გამოძიება დანარჩენ ნაწილებზეც და ობიექტური გამოძიების დასრულების შემდეგ ყველას ექნება შესაბამისი რეაგირება.
რაც შეეხება ე.წ ჩინურ კვარტალთან დასმულ შეკითხვებს, გეუბნებით, რომ ყველა შემთხვევაში მუნიციპალური ინსპექცია და შესაბამისი სამსახური მოქმედებს უფლებამოსილების ფარგლებში. ეს კომპანია არაერთგზის დაჯარიმდა. მიმდინარეობს სასამართლო დავა და ყველა ღონისძიებას გავატარებთ, რათა დაცული იქნას კანონი"-განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.
ადგილზე იმყოფება მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის უფროსიც. არჩილ კონცელიძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ მის მოადგილეს იარაღის ტარების უფლება ჰქონდა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მერიის შენობის დატოვებას არ აპირებენ და ამბობენ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ მერიაში კორუმპირებული ჩინოვნიკების დასასრულებლად.
რეზო ხარაზს მერის კაბინეტი პოლიციის დახმარებით დაატოვებინეს.
ამ წუთებშიც ბათუმის მერიაში ათობით პოლიციელია მობილიზებული, ადგილზე იმყოფებიან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან". ისინი ბათუმის მერთან შეხვედრას ითხოვენ, რის საშუალებასაც დაცვის თანამშრომლები არინ აძლევენ.
სამართალდამცველები ცდილობენ დეპუტატებს მერიის შენობა პოლიციის ძალით დაატოვებინონ.
მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილეს ბესარიონ ცეცხლაძეს, ბიზნესმენი მერაბ ფარტენაძე მუქარასა და ზეწოლაში ადანაშაულებს.