10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის დღეა.
ევროკავშირმა (EU), გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან (OHCHR), საქართველოს სახალხო დამცველთან და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოში ადამიანის უფლებათა კვირეული აღნიშნა.
ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა აღნიშნული ორგანიზაციების მხარდაჭერას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ, რომლებიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, ეროვნული პრიორიტეტებითა და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული საერთაშორისო ვალდებულებებით, და ასევე წარმოადგენს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მთავარ ამოცანას, რაც გულისხმობს, რომ არავინ უნდა დარჩეს მხარდაჭერის მიღმა.
2021 წლის ადამიანის უფლებათა კვირეულის მთავარი თემაა თანასწორობა, მთავარი გზავნილი კი - ყველა ადამიანი თანასწორია.
"კვირეულის ფარგლებში აქცენტი გაკეთდა თანასწორობის მნიშვნელობაზე და დისკრიმინაციის დაუშვებლობის საკითხებზე, ამ კუთხით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. აქტივობები 3 დეკემბერს დაიწყო და 12 დეკემბრამდე გაგრძელდება. ევროკავშირმა წარმოადგინა სხვადასხვა ისტორიები, რომლებიც ევროკავშირის მიერ საქართველოში თანასწორობის, როგორც ადამიანის უფლებათა ძირითადი ქვაკუთხედის მხარდაჭერას ასახავს. კამპანიის ფარგლებში, ასევე, ხაზი გაესვა პარტნიორების მიერ ეროვნული და რეგიონული პროექტების ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს"- აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგნელობაში.