ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძე იკითხება. „თიბისი“ ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, წარდგენილი ბრალდება აბსურდულია. საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მოწმეებს უსმენენ. ადვოკატების განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები არ ადასტურებს მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას.
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.