სააკაშვილის კადრების გავრცელებისთვის იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა

07 დეკემბერი 2021, 12:59 1766 ნახვა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაასრულა.

ორივე უწყებას „ფეისბუქსა'' და ოფიციალური ვებგვერდებიდან მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერებისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერის წაშლა დაევალა.

სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ჯარიმის სახით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის.

''კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემები - ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში შეძენილი და მოხმარებული პროდუქტებისა და მისი კვების რაციონის შესახებ, მიხეილ სააკაშვილის მიერ სამედიცინო პუნქტში საკვების მიღების ფაქტების ამსახველი ვიდეოჩანაწერი და გარკვეული საკვები დანამატების ამსახველი ფოტომასალა, მიხეილ სააკაშვილის მიერ №12 პენიტენციური დაწესებულების დატოვებისა და მისი №18 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ასევე, №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში, ტრანსპორტირების მიზნით გამოყენებულ რეანომობილში განვითარებული მოვლენების ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერი - გაასაჯაროვეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ (მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად), ,,ბ“ (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისთვის), ,,გ“ (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად) და ასევე, ,,დ“ (მონაცემები ნამდვილი და ზუსტი უნდა იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს) ქვეპუნქტების დარღვევით.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების რამდენიმე ფაქტს სწავლობდა. კერძოდ, სამსახურმა შეისწავლა 2021 წლის 8 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიერ პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში შეძენილი და მიღებული პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების კანონიერება; 2021 წლის 10 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლების შესახებ მონაცემების გასაჯაროების კანონიერება; 2021 წლის 5 და 6 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების კანონიერება; 2021 წლის 6 ნოემბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ფოტო (რომელზეც ასახული იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ მიღებული საკვები დანამატები) და ვიდეომასალის (რომელზეც აღბეჭდილი იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტები) მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერება; 2021 წლის 8 და 11 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიერ №12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების ამსახველი ვიდეოჩანაწერის, მიხეილ სააკაშვილის №18 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების ამსახველი ვიდეოჩანაწერისა და №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირების მიზნით გამოყენებულ რეანომობილში განვითარებული მოვლენების ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერება.

ზემოთ აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლის პროცესში, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, ყველა შემთხვევასთან მიმართებით განმარტეს, რომ მათ მიერ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გასაჯაროების მიზეზი მაღალი საჯარო ინტერესი იყო, ვინაიდან ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია მისი უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის დამძიმების შესახებ. ამასთან, საზოგადოებაში მცდარი ინფორმაციის გავრცელებით, არსებობდა ძალადობრივი ხასიათის მოქმედებების დაწყების შესაძლებლობა, რაც საფრთხეს უქმნიდა როგორც სახელმწიფო და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ასევე, ზიანს აყენებდა პენიტენციური დაწესებულების რეპუტაციასა და იქ განთავსებული სხვა პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების ინტერესებს. შესაბამისად, საჭირო იყო საზოგადოებისთვის იმის დადასტურება, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არ იდგა საფრთხის ქვეშ და სპეციალური პენიტენციური სამსახური მოქმედებდა კანონმდებლობის დაცვით.

მაღალი საჯარო ინტერესის საფუძვლით, პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გასაჯაროების კანონიერების შეფასებისას, სახელმწიფო ინსპექტორმა იხელმძღვანელა პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო ინსტრუმენტებით, მხედველობაში მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკა და განმარტა, რომ მართალია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მიმართ არსებობდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, თუმცა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით ინდივიდუალურად, უნდა შეეფასებინათ რამდენად იყო ეს ინტერესი ლეგიტიმური და რამდენად პროპორციული და ადეკვატური იყო, ასეთი ინტერესის დასაკმაყოფილებლად, მიხეილ სააკაშვილის მონაცემების გასაჯაროება და გასაჯაროებისთვის გამოყენებული საშუალებები.

სახელმწიფო ინსპექტორმა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად შეაფასა და დაადგინა:

მიხეილ სააკაშვილის მიერ პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში შეძენილი და მოხმარებული პროდუქტების (ნატურალური წვენების, თაფლის) შესახებ ინფორმაციის (2021 წლის 8 ოქტომბერს) გასაჯაროებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, დაარღვია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისთვის) და „გ“ (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პრინციპები, რაც წარმოადგენს ამავე კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი