კოვიდ აპლიკაციების გამოყენებასთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები იყო - ღიბრაძე

07 დეკემბერი 2021, 11:38 889 ნახვა

კოვიდ პასპორტების აპლიკაციების მოხმარებასთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები იყო - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი ღიბრაძემ ისაუბრა. მისივე თქმით, ეს დაკავშირებული იყო სხვადასხვა ასპექტთან, მათ შორის მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის დაგვიანებით ატვირთვასთან, არასწორი მონაცემების შეყვანასთან და ა.შ. 

გიორგი ღიბრაძის განცხადებით, მოქმედებს ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებმა პრობლემების შექმნის შემთხვევაში უნდა დარეკონ. 

საოპერაციო შტაბის უფროსის თქმით, CovidPass Georgia გამოიყენება მხოლოდ საქართველოში, ხოლო Georgia e-health დაერთებულია ევროკავშირის ერთიან სივრცეზე.

''ქვეყანაში არის ორი აპლიკაცია, რომელთაც სხვადასხვა დანიშნულება აქვთ. პირველი აპლიკაცია არის Georgia e-health და როგორც ცნობილია, ეს აპლიკაცია დაერთებულია ევროკავშირის ერთიან სივრცეზე. როდესაც ადამიანი რეგისტრირდება Georgia e-health-ზე, მას ეს აპლიკაცია შეუძლია გამოიყენოს ევროკავშირს პლუს 25 ქვეყანაში, სადაც ეს ერთიანი სისტემა მოქმედებს. ცხადია, Georgia e-health მოქმედებს საქართველოში და ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ეს აპლიკაცია დაყენებული აქვს, ის ამას ჩვეულებრივად იყენებს თავისი მწვანე სტატუსის გადასამოწმებლად და დასადასტურებლად.

ასევე ცხადია, ძალაშია და მოქმედებს იუსტიციის სახლში დაბეჭდილი „კოვიდ-19“-ის ბარათი, რომელიც თავისთავად ანაცვლებს Georgia e-health აპლიკაციას და ეს არის მისი ბეჭდვით ფორმა.

რაც შეეხება CovidPass Georgia-ს, ის გამოიყენება მხოლოდ საქართველოში და არის ორი დანიშნულების – პირველი დანიშნულება მას აქვს ის, რომ ჩვენ ჩვენი სტატუსი გადავამოწმოთ და ვნახოთ, მეორეა ჩაშენებული სკანერი, რომლითაც აპლიკაცია ახდენს ადამიანის მწვანე სტატუსის იდენტიფიკაციას. რა შეეხება რეგისტრაციას, რეგისტრაცია არის ძალიან მარტივი, სულ რამდენიმე პუნქტისგან შედგება.

ეს აპლიკაცია გამოყენებადია ასევე იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთიდან არის შემოსული და არ არის ევროკავშირის ერთიანი სივრცის წევრი. საზღვარზე ხდება მისი სტატუსის დაფიქსირება, რომელიც გამოიყენება საქართველოში“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი