საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში არსად არ არის, ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებულები ვართ ორი „მწვანე პასპორტით“ - ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ, ჩვენი გენეტიკიდან და ჩვენი ხასიათიდან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველოში გარკვეულ დაწესებულებებში იმოქმედებს უვადო პასპორტი. თუმცა, ევროპაში და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში საჭირო იქნება, მოქალაქეებმა გამოიყენონ ბაზა, რომელსაც საქართველო წარმატებით შეუერთდა და იქ პასპორტის ვარგისიანობის ვადა არის 6 თვე.
„ზოგადად, საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში არსად არ არის, ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებული ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებული ვართ ორი ,,მწვანე პასპორტით'', უვადო პასპორტით და ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ ჩვენი გენეტიკიდან და ჩვენი ხასიათიდან. ჩვენ გვაქვს ყველას ჩვენი კონკრეტული დამოკიდებულება.
მე პირადად მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადობა ეტაპობრივად შეეგუოს იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარეობს. თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცილებით მარტივია, გაყვეს გარკვეულ წესებს, საქართველოში ეს რატომღაც დღემდე უფრო რთულია. აქედან გამომდინარე, იმ დაძაბული, სოციალური, ეკონომიკური და პანდემიური ფონის პირობებში ალბათ არ არის ცუდი გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოქალაქეებს მეტი მოქნილობა ექნებათ, საქართველოში გარკვეულ დაწესებულებში იმოქმედებს უვადო პასპორტი, თუმცა ევროპაში და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში ჩვენ დაგვჭირდება, გამოვიყენოთ ის ბაზა, რომელსაც საქართველო წარმატებით დაუერთდა და იქ ამ პასპორტის ვარგისიანობის ვადა არის 6 თვე"– განაცხადა ტიკარაძემ.