ოფიციალურად აფხაზეთის დღევანდელი ბიუჯეტის 60% რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. აფხაზეთის ეკონომიკა ტურიზმის და სოფლის მეურნეობის დარგები ოკუპაციის პირობებში მთლიანად მიბმულია რუსეთის ფედერაციის ეკონომიკას და მისგან საზრდოობს. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის და რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცალმხრივად აღიარების შემდეგ აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ მხოლოდ ფინანსური სახით 40 მილიარდ რუბლზე მეტი (ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი) დახმარება მიიღო. აქ არ იგულისხმება ის ტექნიკური და ინფრასტრუქტურული დახმარება, რაც რუსეთის ფედერაციიდან მის მიერ ოკუპირებულ რეგიონში სატრანსპორტო საშუალებების, მატარებლის რელსების, სამშენებლო მასალის, ხე-ტყის, თუ სხვა სახით მოედინება.