მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს ესაჭიროება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გაკეთება, თუმცა შესაბამისი აპარატურა ციხის საავადმყოფოში არ არის.
სახალხო დამცველის მიერ დაკომპლექტებული კონსილიუმის წევრებმა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება გვიან ღამით დატოვეს. ისინი დაწესებულებაში მას შემდეგ შევიდნენ, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
კონსილიუმის წევრების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის საჭიროებს მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას. კონსილიუმის კიდევ ერთი წევრის, ექიმ თენგო წულაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტი ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშაა, თუმცა, შესაძლოა, სიტუაცია იმდენად დამძიმდეს, რომ ინტენსიური მეთვალყურეობა საკმარისი არ იყოს. გუშინ საღამოს მიხეილ სააკაშვილმა გლდანის დაწესებულებაში ადვოკატებთან შეხვედრისას გონება დაკარგა.
ექიმების მიერ გაწეული სამედიცინო დახმარების შემდეგ, ის რეანიმაციაში გადაიყვანეს.