საქართველოს პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად „ქილერა“ ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ მოსთხოვეს არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება. ასევე ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ გაუპატიურებით.
სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის მიღების შემდეგ, დაკავებული ჩაიყვანეს ციხის ე.წ. „კარანტინში“, სადაც აყურებინეს, თუ როგორ ძალადობდნენ სექსუალურად ერთ-ერთი პატიმრის მიმართ, რის შემდეგაც დაზარალებულს დაემუქრნენ, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ.
''ალექსანდრე მუხაძემ პატიმარს არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ, დაზარალებულმა მეგის ქარდავას მითითებით, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მისი მონაწილეობის აღიარებითი ჩვენება დაწერა. წამების შედეგად მიღებული აღიარებითი ჩვენება ალექსანდრე მუხაძის და მეგის ქარდავასთვის არ აღმოჩნდა საკმარისად ამომწურავი, რის გამოც აღნიშნულმა პირებმა პატიმარი აიძულეს შეეჭამა ის ფურცელი, რომელზეც მისი ჩვენება იყო დაწერილი.
სასურველი ჩვენების მისაღებად, იგი შეიყვანეს ერთ-ერთ საკანში, სადაც ნიღბებში გამოწყობილი სხვა პატიმრების გამოყენებით მოუწყვეს სექსუალური ძალადობის ინსცენირება, რომელიც კამერით გადაიღეს.
2011 წლის მაისიდან 2012 წლის თებერვლის თვემდე დაზარალებული არაერთხელ იქნა დაკითხული, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხდებოდა მისი დაპირისპირება ე.წ. ტერაქტში თითქოსდა მხილებულ სხვა პირებთან. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, სასურველი ჩვენების მისაღებად მეგის ქარდავამ პატიმარს თავზე დაადო პისტოლეტი და ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით დახვრეტის იმიტაცია მოახდინა.
ცემის, წამების, სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელების და ფიზიკური შეურაცხყოფის გაგრძელების შიშით, დაზარალებული იძულებული გახდა ხელი მოეწერა მისი მწამებლებისთვის ხელსაყრელი აღიარებითი ჩვენებისთვის.
ალექსანდრე მუხაძის, მეგის ქარდავას და დაწესებულების სხვა თანამშრომლების მხრიდან პატიმარზე განხორციელებული წამების არაერთი ფაქტის გამო, მან თვითმკვლელობა სცადა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულებმა დაზარალებულის წამების შედეგად მისგან მიიღეს ე.წ. ტერაქტში მონაწილეობაზე სასურველი ჩვენება,ასეთი ტერორისტული აქტის არარსებობის გამო, არ დაწყებულა გამოძიება და პატიმრის მიმართ ტერაქტში მონაწილეობაზე სისხლისსამართლებრივი დევნა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მეგის ქარდავა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შუამდგომლობის საფუძველზე, დაკავებული იქნა უკრაინის ტერიტორიაზე. დაკავებისას მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს არაერთი ვიდეო-ჩანაწერი, რომლებიც გამოთხოვილი იქნა უკრაინის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოდან.
დაზარალებულმა პატიმარმა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წელს, დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება.
ვინაიდან ალექსანდრე მუხაძე თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, - წამებისათვის - ბრალდება მას დაუსწრებლად წარედგინება საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის II ნაწილით. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თხუთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს'' - განაცხადეს ბრიფინგზე.