ექსპრეზიდენტის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებაში გამოჩენის პანიკურად ეშინია და მის სასამართლო დარბაზში გადაყვანაზე სწორედ ამიტომ ამბობს უარს.
''მაინტერესებს, რამდენი ხანი უნდა გამოიყენოს პენიტენციურმა სამსახურმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეს სრული ბოდვა და ყოველდღე ერთი და იგივე ტექსტი უნდა იმეორონ თუ არა? მანქანების რაოდენობა მაინც შეცვალონ და 500-600-ის ნაცვლად 400- 500 თქვან პერიოდულად, რომ ცოტა სიახლის განცდა მაინც დაგვიტოვონ. მოგეხსენებათ, ამ „საქმეზე“ უკვე ერთ თვეზე მეტია გამოძიება დაწყებულია და გარდა გაუგებარი ჩანაწერებისა, არაფერი მოგვისმენია, არცერთი რეალური ქმედითი ღონისძიება არ გვინახავს სუს-ის მხრიდან გადადგმული და ვერც ვნახავთ, იმიტომ, რომ ეს გამოძიებაც ხომ ზუსტად იმიტომ დაიწყეს, რომ ეს იყო საარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილი და მერე ახლა, კარგად გამოიყენეს „გასაპრავებლად“ სააკაშვილის სასამართლო პროცესებზე არმიყვანის მიზნით“, - აცხადებს საძაგლიშვილი.
ბექა ბასილაიას თქმით, კი მიხეილ სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს.
„ჯერ კიდევ შაბათს იცოდა სასამართლომ, რომ პენიტენციური სამსახური არ აპირებდა მიხეილ სააკაშვილის გადმოყვანას სასამართლოში. ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის ფონზე, მაშინ, როდესაც ყოველ წუთს ვსაუბრობთ, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა შედგეს, უნდა მიეცეს პროცესზე დასწრების საშუალება, პენიტენციურ სამსახურს პირში წყალი ჰქონდა დაგუბებული და სასამართლოც ალბათ, ტექნიკურ მიზეზს იტყვის. შაბათს ეს პოზიცია უკვე არსებობდა, რომ მიხეილ სააკაშვილს დღეს აქ, პროცესზე არ მოიყვანდნენ.
სასამართლო პროცესი დღეს არ ჩაინიშნა იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდა. გვახსოვს, 10 ნოემბერს სააკაშვილს ჯერ კიდევ შეეძლო სასამართლოში მოსვლა, მაგრამ არ მოიყვანეს. ახლა უნდათ ეს ფორმალურ მიზეზად მოიტანონ“,- განაცხადა ბექა ბასილაიამ.
პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანაზე უარს ამბობს.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს.