საპროტესტო მოძრაობა დაიწყო და არ დასრულდება, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება - ნიკა მელია

08 ნოემბერი 2021, 21:15 829 ნახვა

თავისუფლების მოედანზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია - "თავისუფლება მიშას" დაიწყო.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, დღეიდან საპროტესტო უწყვეტი აქციები დაიწყება და გაგრძელდება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ და რიგგარეშე არჩევნებს არ ჩანიშნავენ.

"ხელისუფლებამ გადაკვეთა ყველა ზღვარი, ყველა წითელი ხაზი, მორალური, ზნეობრივი, აქ პოლიტიკაზე საუბარი აღარ არის. ხელისუფლება ჩვენ არ გვყავს, ეს არის რეჟიმი, ბანდიტებით დაკომპლექტებული, რომელსაც არაფრად მიაჩნია კანონი, საერთოდ არაფრად მიაჩნია კონსტიტუცია, როცა უნდა ადამიანს იტაცებენ, სადაც უნდა ათავსებენ და აბუჩად გვიგდებენ, მაგრამ ამ ყველაფერს აკეთებენ ძალიან ეშმაკურად და ბოროტულად.

ცდილობენ, ისედაც გაღიზიანებული ხალხს დაგვაშვებინონ დიდი შეცდომა და მოგვიწყონ პროვოკაცია, ამას ემსახურებოდა სწორედ ამ აქციის დაწყებამდე იმ ყველაფრის ჩადენა, რაც ჩაიდინეს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში. მინდა მოგიწოდოთ, რომ დღეიდან იწყება ფართო დ ძალიან დიდი საპროტესტო მოძრობა, არაფერია იმაზე დიდი ძალის მატარებელი, ვიდრე ხალხმრავალი, ერთიანი, მტკიცე და უწყვეტი საპროტესტო მოძრაობა, ეს საპროტესტო მოძრაობა დაიწყო და არ დასრულდება, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გათავისუფლებული და არ იქნება დაბრუნებული, მიტაცებული არჩევნები",- განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ხვალ დილიდან აქციას იუსტიციის სამინისტროსთან გამართავენ.

„ჩვენ ახლა ძალიან მშვიდად უნდა გადავინაცვლოთ ბიძინა ივანიშვილის ე.წ. კანცელარიასთან ინგოროყვასა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩით. ჩვენ არანაირი შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ ჩვენს გვერდით მყოფ ადამიანს, რომ რამე პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა მივცეთ მათ, თითქოს აქციის მონაწილეებად გასაღებულებს. ჩვენი მიზანი და ამოცანა არ არის, რომ სადმე შევიჭრათ, არ ავუხდენთ ამ ოცნებას ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ბრძოლის ყიჟინა დედაქალაქის ქუჩებში იქნება, ვიდრე ხელისუფლება მიტაცებულ სახელმწიფოს უკან არ დაგვიბრუნებს საზოგადოებას. ახლა წრე უნდა დავარტყათ კანცელარიის შენობას, დავანახოთ მთელ მსოფლიოს და ვუთხრათ, რომ ჩვენ ვიდგებით აქ, ვიდრე სააკაშვილი არ იქნება უზრუნველყოფილი ნორმალური სამოქალაქო დაწესებულებით, არ იქნება გათავისუფლებული და ასევე, მიტაცებული არჩევნები არ იქნება დაბრუნებული. ვისაც ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ, ყველანი დარჩით. ახლა სახლებში ყოფნის დრო არ არის. ვინც ახლა გვიყურებთ, ხვალ დილიდან შემოგვიერთდით. პარალელურად, კანცელარიის შენობასთან დიდი საპროტესტო აქციის გამართვისა, რომელიც გაგრძელდება, ბატონი ღარიბაშვილი თუ შიგნით არის, ვერ გამოვა, თუ არ არის, ვერ შევა. ამ ყველაფრის პარალელურად, ჩვენ ხვალ, დილის 10:00 საათზე უკვე დამატებით წერტილებში ვშლით აქციებს. ამ ყველაფრის პარალელურად, აქცია გაიმართება იუსტიციის სამინისტროსთან. ის, ვისი ვალდებულებაცაა, რომ სააკაშვილი არ იყოს იქ, სადაც ახლა ჰყავთ. ასე აზვირთდება პროტესტი. ნერვების ომიც არის მოსაგები“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში