ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩის საქართველო - შვედეთის ბილეთების გაყიდვა ორშაბათს, 8 ნოემბერს 12:00 საათზე დაიწყება.
არსებული რეგულაციების შესაბამისად, საქართველო - შვედეთის მატჩზე სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება, რაც ბათუმის სტადიონზე დაახლოებით 7 000 მაყურებლის დასწრებას გულისხმობს.
მატჩზე დასწრების მსურველებმა ბილეთთან ერთად უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა.
აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთის რეალიზაცია ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ზე მოხდება.
საქართველოსა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 11 ნოემბერს ბათუმში გაიმართება.
შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.