თუ არჩევნებამდე შეიძლებოდა ახლა რატომ არ შეიძლება?! ისევ ეს ხელისუფლებაა, მე ისევ ის ავთო ვარ - გარემოვაჭრეების პროტესტი

03 ნოემბერი 2021, 11:28 5316 ნახვა

ხმაური იყო დღეს ბათუმში, წერეთლისა და ბერიძის ქ​უჩაზე. მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რასაც მოქალაქეების უკმაყოფილება მოჰყვა. 

მათი თქმით, ისინი ხუთი თვის განმავლობაში აღნიშნულ ტერიტორიაზე ხილით, ბოსტნეულითა და თევზით ვაჭრობენ, მაკონტროლებლები კი მხოლოდ დღეს გამოჩნდნენ.

გარემოვაჭრები ამბობენ, რომ პროცესები არჩევნების დასრულებას უკავშირდება, რის შემდეგაც ბათუმის მერიამ კვლავ მკაცრი ზომების გატარება გადაწყვიტა. 

"ჩვენ გვაინტერესებს ერთი რამ, თუ არჩევნებამდე შეიძლებოდა ახლა რატომ არ შეიძლება?!. 5 თვეა აქ ვდგავართ, არავინ არ მოსულა და არ უთქვამს არ შეიძლებაო. ახლა თუ არ შეიძლება მაშინ რატომ შეიძლებოდა?! ისევ ეს ხელისუფლებაა, მე ისევ ის ავთო ვარ, მაშინ როგორც ვვაჭრობდი, ახლაც ისე ვვაჭრობ. დღეს მოვიდნენ და გვითხრეს, რომ აქ ვაჭრობა არ შეიძლებაო"- ავთანდილ მახარაძე.

გარემოვაჭრეების თქმით, მათ ალტერნატიულ სივრცეებს სთავაზობენ, მაგრამ იჯარის ღირებულება მაღალია და ისინი თანხის გადახდას ვერ შეძლებენ. 

''გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა გავატარეთ გარეთ და ვმუშაობდით, არავინ არ მოსულა და არავის შეუწუხებია თავი. არჩევნები დასრულდა და ახლა მოგვაკითხეს. გაიყიდა საქართველო 20 და 30 ლარად. საავადმყოფოში მივედი გადაუდებელი ოპერაცია არ დამიფინანსეს, ჩემს გვერდით ქალი კი ყვებოდა 100 ლარი მომცეს და ხმა მივეციო. თუ არავინ არ მეხმარება, იმის უფლება მაინც მომცენ, რომ ოჯახში თანხა შევიტანო. ბაზარში შემოგვთავაზეს გადასვლა, სადაც 350 ლარია გადასახადი, გარდა ამისა წყალი და შუქის გადასახადი ცალკეა. ჩვენ ვერ შევძლებთ ამის გადახდას. რომ არ გვჭირდეს აქ არ ვიქნებოდით'' - ამბობს ზოია გოგუაძე.

აჭარის მაუწყებელი ბათუმის მერიას დაუკავშირდა, სადაც ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. განმარტავენ, რომ აღნიშნულ ქუჩებზე გარევაჭრობა აკრძალული იყო

 

 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი