ეს ნამდვილად არ იყო არჩევნები. ჩვენ არ ვაპირებთ შეგუებას და ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას ყველა კონსტიტუციური მეთოდით - გიორგი კირთაძე

31 ოქტომბერი 2021, 01:45 2637 ნახვა

ბათუმში, "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის მერობის კანდიდატი, გიორგი კირთაძე მმართველ გუნდს ხმების მასშტაბურ გაყალბებაში ადანაშაულებს.

მისივე განცხადებით, ის ბიულეტენები, სადაც გადახაზული იყო მისი კონკურენტი და შემოხაზულია მისი სახელი ბათილად გამოცხადა. 

"რა მივიღეთ კენჭისყრის დღეს? დაპირისპირება პრაქტიკულად ყველა საარჩევნო უბანზე, ე.წ. ძველი ბიჭების მობილიზება უბნებზე, რომლებსაც უკვე ბეიჯები ჩამოკიდეს ყველაფერთან ერთად. ფიზიკური დაპირისპირება, მათ შორის ქალბატონებთან, ჟურნალისტებთან, ჩვენი საოლქო კომისიის წევრთან და ა.შ.

როგორც კი საარჩევნო უბნები დაიხურა, "ქართული ოცნება" უფრო მასშტაბურ გაყალბებაზე გადავიდა, ბათილად არის ცნობილი ბიულეტენი, რომელშიც გადახაზულია ჩემი კონკურენტი, ხოლო "გიორგი კირთაძე“ შემოხაზულია. ასეთი უამრავი ბიულეტენი იქნა გაბათილებული "ქართული ოცნებისა" და მის მიერ დანიშნული ე.წ. ნეიტრალური წევრების მიერ.

აღმოჩნდა, რომ 37-ე საარჩევნო უბანზე, საუბნო კომისიის შემაჯამებელ ოქმზე ზემოდან დევს 83-ე საუბნო კომისიის ბიულეტენი. ამას დააკვირდა ჩვენი წარმომადგენელი და აღმოაჩინა. ამ ფორმით „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს ამომრჩეველს წაართვა არჩევანის უფლება.

ეს ნამდვილად არ იყო არჩევნები. ჩვენ არ ვაპირებთ შეგუებას და ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას ყველა კონსტიტუციური მეთოდით“, - აცხადებს გიორგი კირთაძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში