დღეს 16:00 საათზე ბათუმი არენა გულშემატკივრებისთვის გაიღება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მატჩზე მაყურებლის 33% დაესწრება.
ჩემპიონატის მთავარი შეხვედრა დინამო ბათუმსა და თბილისის დინამოს შორის 18:30 საათზე დაიწყება. ბათუმელები სატურნირო ცხრილს 63 ქულით ლიდერობენ და თბილისელ თანაკლუბელებს 7 ქულით უსწრებენ.
გამარჯვების შემთხვევაში გეგუჩაძის გუნდი თბილისის დინამოსთან სხვაობას 10 ქულამდე გაზრდის და კიდევ უფრო მიუახლოვდება ჩემპიონობას, რომელიც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის 31-წლიან ისტორიაში დღემდე ვერ შეძლო. მიმდინარე სეზონში ამ გუნდების წინა სამი დაუპირისპირებიდან სამივე ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა.
ბათუმის დინამოს 29 ტურში მხოლოდ 2 მარცხი აქვს და ბოლოს 23 მაისს, ლოკომოტივთან წააგო. მას მერე კი 14-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
მატჩს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, რის გამოც ეთერში არ გავა გადაცემა იმპულსი და მთავარი 8 საათზე.