სრული მობილიზაციაა იმისათვის, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნების მეორე ტური - ირაკლი კობახიძე

19 ოქტომბერი 2021, 14:06 585 ნახვა

სრული მობილიზაციაა იმისათვის, რომ 20-ივე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნების მეორე ტური, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბათუმში განაცხადა.

მისივე თქმით,  დაგეგმილია შეხვედერები  ყველა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტური იქნება.

„დავიწყეთ რეგიონებში შეხვედრები, ჩავდივართ ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტური ტარდება. გვაქვს შეხვედრა ჩვენს მხარდამჭერებთან, ჩვენს პარტიულ აქტივთან. რა თქმა უნდა, ჩვენს მხარდამჭერებს ვულოცავ საერთო გამარჯვებას, რომელიც მოვიპოვეთ 2 ოქტომბერს და ვსაუბრობთ მეორე ტურთან დაკავშირებით. გვჭირდება სრული მობილიზაცია იმისათვის, რომ 20-ივე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნების მეორე ტური“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას სტაბილურობა სჭირდება, რასაც, უკვე 18 წელია, „ნაციონალური მოძრაობა“ უშლის ხელს.

„ჩვენ არჩევნები უკვე მოვიგეთ 64-დან 44 მუნიციპალიტეტში, 20 დაგვრჩა მოსაგები. როგორც კი მოვიგებთ და არჩევნების მეორე ტური დასრულდება, მივიღებთ შემდეგ მოცემულობას - სრულად მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ასევე, მოგებული გვექნება მათ მიერ გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმი, მათი ბელადი არის ციხეში, ეს მესამე, და, შესაბამისად, ყველანაირი წინაპირობა იქმნება იმისთვის, რომ შემდეგი სამი წლის განმავლობაში, ქვეყანა სრულიად მშვიდად განვითარდეს. ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას სტაბილურობა სჭირდება, რასაც, უკვე, 9 არა, 18 წელია, „ნაციონალები“ ხელს უშლიან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში