საქართველოსა და აშშ-ს თავდაცვის უწყებებს შორის შეთანხმებას ხელი მოეწერა

18 ოქტომბერი 2021, 14:36 607 ნახვა

საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებებს შორის შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ითვალისწინებს.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ლოიდ ოსტინი და ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. უწყებაში, ლოიდ ოსტინის საპატივცემულოდ ოფიციალური დახვედრის ცერემონიალიც გაიმართა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტი სტრატეგიული პარტნიორობისა და მისი შემდგომი გაძლიერების ნათელი და მტკიცე დასტურია.

''გავმართეთ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომლის ფარგლებში მიმოვიხილეთ ქვეყნის შიგნით, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული ძირითადი საფრთხეები და გამოწვევები. აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ურთიერთნდობაზე დაფუძნებული სტრატეგიული თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე და მრავალმხრივი, როგორიც არის ახლა. მყარი პარტნიორობა ხელს უწყობს, როგორც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, ისე რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას.

განვიხილეთ საერთაშორისო მისიებში თავდაცვის ძალების მრავალწლიანი კონტრიბუციის შედეგად მიღებული გამოცდილება და ურთიერთნდობაზე დაფუძნებულ პატივისცემა და მეგობრობა, რაც ჩვენს სამხედროებს შორის წლების მანძილზე მსოფლიო უსაფრთხოებისთვის მხარდამხარ ბრძოლის შედეგად ჩამოყალიბდა.

მიმოვიხილეთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში მიღწეული პროგრესი, რაც არის საფუძველი იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დოკუმენტისა, რომელსაც დღეს ერთობლივად ხელი მოვაწერეთ. საქართველოს თავდაცვისა და შეკავების განხორციელებაში ჩვენ ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ახალ საფეხურზე, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს როგორც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შეკავებისა და ნატოსთან თავსებადობის უმაღლეს ხარისხს, ასევე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატების სტრატეგიული თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას“, - განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში