''ნაციონალური მოძრაობის'' მხარდამჭერებს სამტრედიასთან მოქალაქეები ცოცხებით დახვდნენ

14 ოქტომბერი 2021, 12:27 773 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დასასწრებად თბილისისკენ მომავალ მოქალაქეებს, სამტრედიასთან ადამიანთა ჯგუფი დახვდა. მათ ხელში ცოცხები ეჭირათ და კოლონას შეძახილებით მიაცილებდნენ.  აღნიშნულის შესახებ ''ნაციონალური მოძრაობის'' ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერი ანი წითლიძე წერდა. 

მისი თქმით, კოლონებს სამტრედიასთან გზა გადაუკეტეს. 

კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეები შეურაცხმყოფელი შეძახილებით ხვდებიან ავტომანქანებს, რომლებშიც ოპოზიციის მხარდამჭერები სხედან. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

მოგვიანებით ანა წითლიძემ დაწერა, რომ კოლონები თბილისისკენ უკვე დაიძრა.

"არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ ამ რეჟიმის სასოწარკვეთილი წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხს ხელი შეუშალონ და თბილისში ვერ მოხვდნენ. განსაკუთრებით ზუგდიდში, სადაც პირწმინდად წააგეს. ის ცოცხები, რომლითაც ისინი დარბიან არის სიმბოლო, რომ სწორედ ამ ცოცხებით გაიხვეტებიან ისინი საქართველოს ხელისუფლებიდან"- განაცხადა გია ბარამიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან თბილისის მიმართულებით ავტომობილებით დილიდან დაიძრნენ.

აქცია 18:00 საათზეა დაგეგმილი. მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს საქართველოში დააკავეს. რამდენიმე დღეა ის შიმშილობს.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი