მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კედლები - პროკურორი

11 ოქტომბერი 2021, 11:01 3581 ნახვა

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის გამო დაკავებული 3 პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. 

დაცვის მხარის ინფორმაციით, საქმეში არ არსებობს ექსპერტის დასკვნა, რითაც დადგინდება, რომ ბრალდებულ ზაურ ბუდაგოვის საცხოვრებელ ფართში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები გახდა ნგრევის მიზეზი.

ზაურ ბუდაგოვის ადვოკატის, რამინ პაპიძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ სამშენებლო სამუშაოები, საცხოვრებელი სახლის სარდაფსა და საძირკველზე მიმდინარეობდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

მისივე თქმით, აღნიშნულ სახლში სამშენებლო სამუშაოები იმავე სადარბაზოში მცხოვრები მშენებლის პროექტით მიმდინარეობდა.

''სამშენებლო სამუშაოები პირველ სართულზე არსებულ საცხოვრებელ ფართში მიმდინარეობდა, შიდა კედლების დემონტაჟი მიმდინარეობდა. ეს კედლები მზიდი იყო თუ არ იყო ვერანაირი მოწმის ჩვენებით ვერ დადგინდება, ეს მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტმა უნდა შეისწავლოს, რომელსაც სახლის პროექტი ექნება და შემდეგ იტყვის კედელი, რომელიც ფართში მოიშალა იყო თუ არა მზიდი. ის პროექტი, რომლის მიხედვითაც ამ სახლში კედლების დემონტაჟი განხორციელდა იმავე სადარბაზოში მცხოვრები მშენებლის პროექტის მიხედვით განხორციელდა. ამ ეტაპზე მიზანმიმართულად არ ვასახელებთ ვინაობას, რადგან ეს ბევრისთვის ძალიან მტკივნეული იქნება. ვიმედოვნებთ ყველაფერს ნათელი მოეფინება, თავად ითანამშრომლებენ გამოძიებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, გვაქვს ამის მტკიცებულებები და ვაცნობებთ საზოგადოებას“, - განაცხადა პაპიძემ.

დაკავებული მუშების უფლებადამცველი კი ამბობს, რომ დასაქმებულები დამკვეთის მოთხოვნას ასრულებდნენ. 

''ფაქტი ერთია რომ საშინელება და ტრაგედია მოხდა. დაცვის მხარე შეეცდება სასამართლოსთან ერთად სიმართლე დაადგინოს. ამ ეტაპზე არ არის დადგენილი რამ გამოიწვია კორპუსის ნგრევა. ექსპერტიზის დასკვნა არ არის. ასევე საქმის მასალებში ფოტოები არ არის, გამოძიება არ გვაძლევს. მუშების თქმით, დამკვეთის მიერ მითითებულ კედელს ტეხავდნენ, მეორე დღეს კარი ვეღარ გააღეს და შენობაც ჩამოიშალა. კედელი ბოლომდე მოხსნილი არ ყოფილა'' - განაცხადა ადვოკატმა.

ბრალდების მხარე დაკავებულების პატიმრობას მოითხოვს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დგინდება, რომ მუშებმა საცხოვრებელ სახლში, როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კედლები. აღნიშნული სამუშაოები კი მიმდინარეობდა შესაბამისი საინჟინრო უსაფრთხოების მცოდნე ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობის გარეშე.

''შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 ოქტომბრის დასაწყისში, ზ.ბ სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ შეუთანხმდა ფიზიკურ პირებს, ხ.ს-ს და გ.ს-ს საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებაზე, რაც მოიცავდა როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქციების კედლების მოშლას.

4-8 ოქტომბრის დროის შუალედში ზ.ბ-სთან შეთანხმებით და მის მიერ ხელშეკრულების გარეშე დაქირავებულმა პირებმა ხ.ს-მ და გ.ს-მ სახელმწიფოსაგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე, თვითნებურად აწარმოეს სამშენებლო სამუშაოები, რაც მიმდინარეობდა სამშენებლო და საინჟინრო უსაფრთხოების წესების სრული დარღვევით.

მათ მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კედლები. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობდა შესაბამისი საინჟინრო უსაფრთხოების მცოდნე ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობის გარეშე. აღნიშნულმა გამოიწვია საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობისა და სიმტკიცის რღვევა, რასაც შედეგად მოჰყვა შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნგრევა. გარდაიცვალა 9 პირი და აღნიშნულ მისამართზე უძრავი და მოძრავი ქონება განადგურდა.

ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 240-ე მუხლის მეორე ნაწილით და პროკურატურა სასამართლოსგან მოითხოვს სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. პროკურატურა დაზარალებულ პირთა უფლებების და კანონიერი ინტერესების დასაცავად კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას მიმართავს და ექნება უმკაცრესი რეაგირება“, - განაცხადა პროკურორმა.

პროკურორის ინფორმაციით, 8 ოქტომბერს სახლის ჩამონგრევამდე ბრალდებულებმა კორპუსის კედლების გამაგრება რკინის კონსტრუქციებით სცადეს, შემდეგ კი ადგილი დატოვეს.

გამოკითხულია ექსპერტები, ინჟინრები, რომლებიც საუბრობენ მომხდარი მიზეზების შესახებ. რაც შეეხება ექპერტიზის დასკვნას, საქმის მოცულობიდან და სირთულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ექსპერტიზის დასკვნა არ არის, მაგრამ ის, რომ ბრალდებულებმა თვითნებურად, სახელმწიფოსგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე განახორციელეს, როგორც მზიდი, ასევე არამზიდი კედლების მოშლა, ეს დასტურდება, როგორც ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმებით, ასევე მეზობლების ჩვენებებით. ისინი ადასტურებენ, რომ პირველ სართულზე ბინაში სრულიად იყო მოშლილი კედლები,“ – ამბობს პროკურორი ალექსანდრე ძირკვაძე.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუშვეს.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი. 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში