ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში - მიხეილ სააკაშვილი

27 სექტემბერი 2021, 23:11 4725 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე" ავიაბილეთის ფოტოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში ჩამოფრინდება.

ბილეთზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავი თბილისში 23:05 წუთზე იქნება.

სააკაშვილი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც საარჩევნო უბნები დაიხურება ყველანი უნდა გამოვიდეს ქალაქებისა და სოფლების ცენტრებში, რომ ერთად დაიცვან მოპოვებული გამარჯვება.

"სულ რამდენიმე დღე გვაშორებს ისტორიული რეფერანდუმი თარიღისგან. ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობამ დაუშვა გამონაკლისი და დააკვირდება ფორმალურად ადგილობრივი არჩევნების შედეგებს, მაგრამ ამით მათ თქვეს, რომ ეს არ არის უბრალოდ ადგილობრივი არჩევნები, ეს არის ევროკავშირის ხელმძღვანელის, შარლ მიშელის ეგიდის ქვეშ მიღწეული ხელშეკრულების შესრულების პროცესი, ე.ი. ივანიშვილის მიერ საქართველოს შემდგომი მართვის თაობაზე რეფერენდუმი და უფრო სწორად მისი მართვისგან ჩამოშორების თაობაზე. ჩვენ ყველანი უნდა მივიდეთ ამ არჩევნებზე და რეფერენდუმზე. ჩვენ ყველამ უნდა მივცეთ ხმა და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება ჩვენ ყველანი უნდა გამოვიდეთ ჩვენი ქალაქების, სოფლების ცენტრებში და ერთად დავიცვათ ჩვენ მიერ მოპოვებული გამარჯვება. ამიტომ, მე ვერ ვიქნები ამ პროცესის გვერდით.

საქართველოს ბედი წყდება, საქართველოს გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი წყდება და რა თქმა უნდა ავიღე ბილეთი, როგორც ვთქვი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში. ამას მე არც ჩემთვის ვაკეთებ, მე არანაირი პირადი ამბიცია და თანამდებობის სურვილი არ მამოძრავებს. ნამდვილად არ ვაპირებ ამისთვის ბრძოლას, მაგრამ ვაპირებ იმისთვის ბრძოლას, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ მომავალი. ვაპირებ ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველოს დარჩეს არამხოლოდ მსოფლიო რუკაზე, არამედ დაუბრუნდეს სწრაფ განვითარებას და ეს სიღარიბე, გამოუვალობა, კატასტროფა, რაც ხდება, შეჩერდეს და საქართველოს განადგურების და განადგურების პროცესი ერთხელ და სამუდამოდ შეჩერდეს. იმედი მაქვს, რომ ყველანი ერთმანეთს დავუდგებით გვერდით, ყველანი გადავდებთ გვერდზე განსხვავებებს. ჩვენ უნდა წავიდეთ ბოლომდე, სრულ გამარჯვებამდე. შეხვედრამდე, თბილისში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი