საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის გეოგრაფიულ საზღვარზეა, ყოველთვის ევროპელად გრძნობდა თავს-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარიზში, ვიცე პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვარის ხსოვნის პატივსაცემად მიძღვნილ ცერემონიაზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს დღეს განმარტავს თუ რატომ სურს მოსახლეობის 80%-ს ევროკავშირში გაწევრიანება.
ამბობს, რომ ევროპული მისწრაფება ცივილიზაციის არჩევანს წარმოადგენს. საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ლეიტენანტ-პოლკოვნიკს დიმიტრი ამილახვარს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება სიკვდილის შემდეგ მიანიჭა. ამასთან ქართული ემიგრაციის გამორჩეული წარმომადგენლები დააჯილდოვა. მათ შორის, ბრწყინვალების ორდენით, სიკვდილის შემდეგ ღირსი მამა ილია და დიპლომატი, მთარგმნელი და თეოლოგი კონსტანტინე ანდრონიკოვი.