ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.
29 წლის ბასილაშვილმა ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასთან დრამატული მატჩი სამ სეტში 0:6, 6:4, 7:6 მოიგო.
ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი ქულის გარეშე წააგო. მე-2 სეტის დასაწყისში ნიკას სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, სამედიცინო სტაფის წარმომადგენლების დახმარება დასჭირდა.
გადამწყვეტ სეტში დავიდოვიჩ ფოკინა 4:1 იგებდა, თუმცა საბოლოოდ 29 წლის ქართველმა მატჩის შემოტრიალება შეძლო.
მეცის ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე, ბასილაშვილის მეტოქე ფრანგი გაელ მონფილსი იქნება.
ATP-ის რეიტინგში ნიკოლოზი 36-ეა, ხოლო ფრანგს მე-20 ადგილი უკავია.
ნიკას და მონფილსის დაპირისპირება დღეს 20:00 საათზეა ჩანიშნული.