„ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გაუდის და რას შვრებით ხალხო - თენგიზ ცერცვაძე

23 სექტემბერი 2021, 11:17 1792 ნახვა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ „ფაიზერის" მიერ წარმოებულ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელიც საქართველოშია შემოტანილი, ვადა გასდის.

თენგიზ ცერცვაძე საქართველოში ვაქცინაციის ტემპით  უკმაყოფილოა.

„ადრე, სანამ ვაქცინის შემოტანა დაგვიანდა და სხვათა შორის, ისიც დაგვიანდა ამ ანგაჟირებული ადამიანების გამო, რომ ჩინური ვაქცინა არ უნდოდათ, პირდაპირ გამოდიოდნენ და ამბობდნენ: „მე გავიკეთებ მხოლოდ „ფაიზერს“ და ამიტომ სახელმწიფომ დააგვიანა შემოტანა. ახლა, „ფაიზერი“ გვაქვს სწორედ ყველაზე მეტი. „ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გაუდის და რას შვრებით, ხალხო! ადამიანი „ფაიზერს“ გააფუჭებს?! მაშინ აჩუქებს სხვას, ვისაც ჩვენზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ვინც ამას გამოიყენებს. გვაქვს „სინოვაკი“, „სინოფარმი“ , „ასტრაზენეკა“, მივიღებთ „ჯონსონ და ჯონსონს“. მე ვერ გავიგე, მართლა საბოტაჟს აწყობთ?! რას აკეთებთ?!“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ის ადამიანები, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობენ, საკუთარ ახლობლებსა და ოჯახის წევრებს წირავენ.

„საავადმყოფოებში, საზოგადოებრივ სივრცეებში, ავტობუსები დადიან, კიდევ რა ქნან? თითო ადამიანს თითო პროპაგანდისტს ხომ არ მოგამაგრებენ? დარწმუნებული ვარ, ჩემი ინტერვიუს მერე გამოვა ახლა, ვიღაცა და დაიტლიკინებს, ამის არ რცხვენია, რომ ეს ყველაფერი მაინც სახელმწიფოს ბრალია და სახელმწიფოს უპასუხისმგებლობაა. რა არის სახელმწიფოს უპასუხისმგებლობა? შემოიტანა მილიონობით ვაქცინა, გახსნა 300 პუნქტი. არ არის სათანადო კამპანიაო, მეტი რა კამპანია უნდა იყოს? ტელევიზიები, პრესა, ინტერნეტი, “ფეისბუქი“ ყველა გამუდმებით ამაზე ლაპარაკობს.

თქვენ რა გგონია, გაიარეთ ბელგიაში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, რა კამპანიაა იქ? ჩვენნაირი კამპანიაც არ არის. უბრალოდ, საზოგადოებაა უფრო შეგნებული, საკუთარი თავი და ოჯახის წევრი უყვარს. ასე რომ, ვერავითარ თავის გამართლებად ვერ გამოდგება ის, რომ ვაქცინა არ გვაქვს. ვაქცინა გვაქვს თავზე საყრელი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი  ეკატერინე ტიკარაძე კი ამბობს, რომ ,,ფაიზერის'' ვაქცინის გაფუჭების რისკი არ არსებობს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი