სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, თუმცა 4 ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.
რაც შეეხება პირველკლასელებს, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით ისინი სწავლას 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში იმ სკოლებში დაიწყებენ, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4 %-ზე ნაკლები.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობაც.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა დღეს მოსწავლეებს, პედაგოგებს, ლექტორებსა და სრულიად აკადემიურ სივრცეს სწავლის დაწყება მიულოცა.
მინისტრმა მიმართვაში აღნიშნა, რომ 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურად იწყება, მაგრამ ეს დროებითია.
" ჩვენ გვექნება დიფერენცირებული მიდგომა, რაც გულისხმობს იმას, რომ 4 ოქტომბერს, იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები შეძლებენ დასწრებულ ფორმატზე გადასვლას. იმისთვის, რომ ჩვენ ამას მივაღწიოთ აუცილებელია საზოგადოების კონსოლიდირება ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვაში. აქ მე განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა მასწავლებლების და მოსწავლეთა მშობლების აცრის საკითხს. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენმა შვილებმა სწავლა გააგრძელონ ბუნებრივ გარემოში, ანუ საკლასო ოთახებში.
ჩვენ ასევე, მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პირველკლასელებთან დაკავშირებით. პედაგოგიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პირველკლასელებს თავიანთი პირველი სასკოლო გამოცდილება, მათი პირველი გაკვეთილები ჩაუტარდეთ ბუნებრივ სასკოლო გარემოში. შესაბამისად, პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს დასწრებულ ფორმატში დაიწყებენ იმ სკოლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4 %-ზე ნაკლები.
მე მთელი გულით, ყველას გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს“, – ნათქვამია ჩხენკელის მიმართვაში, რომელსაც განათლების სამინისტრო ავრცელებს.